სლოვაკეთის პრემიერი ჟურნალისტებს - ზოგიერთი თქვენთაგანი ბინძური, ანტი-სლოვაკელი მეძავია

სლოვაკეთის პრემიერი ჟურნალისტებს - ზოგიერთი თქვენთაგანი ბინძური, ანტი-სლოვაკელი მეძავია

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი „ბინძური, ანტი-სლოვაკელი მეძავები“ არიან. ჟურნალისტებმა მას კითხვა დაუსვეს იმ ბრალდებებზე, რომ სლოვაკეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის აღსანიშნავად სახელმწიფო შესყიდვების რეგულაციები კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დაირღვა, - იუწყება სააგენტო Reuters. 

ფიკო ცნობილია იმით, რომ მას ცუდი ურთიერთობა აქვს მედიის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც მას ან მის მთავრობას აკრიტიკებენ. 

„ზოგიერთი თქვენთაგანი ბინძური, ანტი-სლოვაკელი მეძავია. თქვენ ინფორმაციას კი არ აწვდით, არამედ მთავრობას ებრძვით“, - განუცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს. 

Transparency International-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ივლისში ჩატარებული კონცერტი, რომლის ფარგლებში აღინიშნებოდა სლოვაკეთის თავმჯდომარეობა ევროკავშირში, ჩატარდა სახელმწიფო შესყიდვების გარეშე და საორგანიზაციო ხარჯები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ეს საჭირო იყო.