მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი ნინუასა და გიორგი ცაბაძის დანიშვნის, რაც აბსოლუტური სიცრუეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განუცხადა.
მისივე თქმით, გამონაკლის შემთხვევაში მინისტრს უფლებამოსილება აქვს დანიშნოს თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურე.
”მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი მათი დანიშვნის, რაც აბსოლუტური სიცრუეა. თქვენ ალბათ იხილეთ ის ბრძანება, რომელშიც მართლა გაწერილია გარკვეული საკვალიფიკაციო კრიტერიუმები. აქვე მითითებულია, რომ გამონაკლის შემთხვევაში მინისტრს უფლებამოსილება აქვს დანიშვნოს შესაბამის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურე. მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რამ განაპირობა ეს გამონაკლისი: ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვყავს იმდენი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. საუბარია ენის ცოდნასა და სხვა კრიტერიუმებზე, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, - განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, თუ გადავხედავთ მისი წინამორბედების გადაწყვეტილებებს, ვნახავთ, რომ თითქმის უმრავლესობის გადაწყვეტილება გაცილებით უფრო მაღალ თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებითაც კი არის საგამონაკლისო შემთხვევა.
”თქვენ თუ გადახედავთ წინამორბედების გადაწყვეტილებებს, ნახავთ, რომ თითქმის უმრავლესობა გადაწყვეტილებების არის საგამონაკლისო წესით მიღებული. აქ ლაპარაკია გაცილებით უფრო მაღალ თანამდებობებზე, ვიდრე ამ ორ პიროვნებას ეხება. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ეს მარტო იზორიას მინისტრობის დროს ხდება, ეს არის ტყუილი”, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროში ხორციელდება რეფორმები და „დაპირისპირება, რომელიც ამ დროისთვის არის“, მას მხოლოდ უორმაგებს მოტივაციას რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
”ჩვენ ვაპირებთ სერიოზულ რეფორმებს. პირადი გამოცდილება მაქვს რეფორმებთან დაკავშირებით. როდესაც პოლიციის აკადემიის რექტორი ვიყავი და ვქმნიდით ახალ პოლიციას საპატრულო პოლიციის სახით, მე გამოცდილი მაქვს შემოტევა, მაგრამ ჩვენ ეს რეფორმები ღირსეულად მივიყვანეთ ბოლომდე და დღეს ამაყი ვარ, რომ ამ რეფორმებში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი. ვპირდები საზოგადოებას, რომ თავდაცვის სამინისტროში ეს რეფორმები გაგრძელდება და არ შეჩერდება. დაპირისპირების ფონზე ორმაგი მოტივაცია მაქვს, რომ ეს რეფორმები განვახორციელოთ”, - განაცხადა იზორიამ.
მინისტრის თქმით, ის საფუძველი, რომელიც განპირობებული იყო ნინუასა და ცაბაძის დანიშვნასთან დაკავშირებით, იყო კონკრეტული ხედვა, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ და ეს ხდება აბსოლუტურ თანხვედრაში მის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტთან, რომელიც ითვალისწინებს ავიაციასაც.
”ჩვენ უნდა ავიღოთ სწორება თავდაცვის სისტემებზე. ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას პირდაპირ, თუ რამდენად ეფექტურად იხარჯება მათი გადასახადები. უნდა შევიძინოთ თუ არა ბომბდამშენები, რომელიც ათობით მილიონ დოლარს აღემატება, თუ ვიყოთ უფრო ორიენტირებულები ისეთ თავდაცვის სისტემებზე, რომელიც ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ოპტიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ამ ორი პიროვნების ხედვა სრულიად თანხვედრაში იყო ამ სტრატეგიასთან”, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.