პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას მერაბ ქვარაიას ნაცვლად, ირაკლი ტრიპოლსკი დაიკავებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსასთვის” გახდა ცნობილი, ”ქართულმა ოცნებამ” აღნიშნული კომიტეტის ფორმირებასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა, რაც თავად ტრიპოლსკის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.
6 ნოემბერს, ”ქართულ ოცნებაში” გამართული პოლისტსაბჭოს სხდომისა და ახალარჩეულ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ, მმართველმა პარტიამ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურები დაასახელა. მათ შორის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელ პოსტებზე დასანიშნი პირებიც დასახელდა.
აღნიშნულ კომიტეტს 2012 წლის მოწვევის პარლამენტში ირაკლი ტრიპოლსკი ხელმძღვანელობდა, თუმცა როგორც 6 ნოემბრის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, ახალარჩეულ პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი, კომიტეტის პირველი მოადგილე - მერაბ ქვარაია, ხოლო მოადგილე კობა ლურსმანაშვილი უნდა გამხდარიყვნენ.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ტრიპოლსკიმ პარტიაში აღნიშნულ კომიტეტში პირველი მოადგილის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენის საკითხი დააყენა, უარის მიღების შემთხვევაში კი, მან პარტიიდან გასვლისა და გია ჟორჟოლიანთან ერთად, ”სოციალ-დემოკრატების” ფრაქციის ფორმირების თაობაზე განაცხადა.
როგორც ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი აცხადებს, იმ ვითარებაში, როცა ახალი პარლამენტი ჯერ კიდევ არ შეკრებილა, პარტიის ხელმძღვანელობა ერთგვარი სკანდალის შექმნას მოერიდა და ტროპოლსკის მოთხოვნას დათანხმდა.
ირაკლი ტრიპოლსკიმ ”ინტერპრესნიუსს” დაუდასტურა, რომ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე “სავარაუდოდ მას წარადგენენ, რადგან საუბარი იყო იმაზე, რომ კომიტეტისთვის მისი გამოცდილება მნიშვნელოვანია”. რაც შეეხება ინფორმაციას, ”ქართული ოცნებიდან” გასვლისა და ”სოციალ-დემოკრატებში” შესაძლო გაერთიანების შესახებ, ამას ტრიპოლსკი უარყოფს.
”ინტერპრესნიუსი” მერაბ ქვარაიასაც ესაუბრა. მისი თქმით, ვიდრე პარლამენტის წევრების უფლებამოსილება იქნება ცნობილი, კონსულტაციები გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებას თავად კომიტეტი მიიღებს.
”ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტებს თანამდებობებზე წარსდგენ პირებთან დაკავშირებით მოგეწოდათ, წინასწარი კონსულტაციების შედეგები იყო. საბოლოოდ შეჯერებულ გადაწყვეტილებას კომიტეტის სხდომის შემდეგ გავიგებთ - ნუ დავასწრებთ მოვლენებს, დაველოდოთ პარლამენტს”, - აღნიშნა მან.