ახალი პარლამენტი პირველივე სხდომაზე ვიცე-სპიკერებსაც დაამტკიცებს. პროცედურა ფარული კენჭისყრით წარიმართება და სპიკერატში წარდგენილი კანდიდატების დამტკიცება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მოხდება.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის სპიკერატში სულ ცხრა ვიცე-სპიკერის პოსტია, თუმცა ცხრავეს გამოყენება არ მოხდება.
პარლამენტი პირველ მოადგილეს აირჩევს, რომლის კანდიდატურის წარდგენის უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. როგორც ცნობილია, პარლამენტს პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურა წარედგინება.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არაუმეტეს სამი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას. ”ქართული ოცნება” სამი კვოტიდან ორზე გიორგი ვოლსკისა და ზვიად ძიძიგურს წარადგენს. ვიცე-სპიკერის მესამე თანამდებობის დაკავებას კი, მმართველი პარტია არ აპირებს.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან არჩეულ პარლამენტის წევრთაგან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან, ამ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის წარდგინებით. გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე, პარლამენტის სპიკერატში აფხაზეთის კვოტა თავისუფალია. რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის განკუთვნილ კვოტას, ”ქართული ოცნება” ამ პოზიციაზე ილია ნაკაშიძის კანდიდატურას წარადგენს.
რაც შეეხება სპიკერატში ოპოზიციისათვის განკუთვნილ პოზიციებს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თითო კანდიდატურის, მაგრამ არა უმეტეს სამისა, წარდგენის უფლება აქვთ იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ შექმნილ ფრაქციებს, რომლებიც გაერთიანებული არ არიან უმრავლესობაში.
როგორც ცნობილია, ”პატრიოტთა ალიანსი” ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე პარლამენტს ირმა ინაშვილის კანდიდატურას შესთავაზებს. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კი, საკუთარი კვოტით სერგი კაპანაძეს წარადგენს.