მარინ ლე პენი - ტრამპი-პუტინი-ლე პენის ტრიო კარგი იქნება მსოფლიო მშვიდობისთვის

მარინ ლე პენი - ტრამპი-პუტინი-ლე პენის ტრიო კარგი იქნება მსოფლიო მშვიდობისთვის

საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ მომავალ წელს მისი საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევა შექმნის მსოფლიო ლიდერების ტრიოს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან და რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად, - იუწყება სააგენტო Reuters.

„მსოფლიოს მასშტაბით არსებობს მოძრაობა. მოძრაობა, რომელიც უარს ამბობს თავაწყვეტილ გლობალიზაციაზე, დესტრუქტიულ ულტრალიბერალიზმზე, ნაციონალური სახელმწიფოების განადგურებაზე, საზღვრების გაუქმებაზე“, - განუცხადა მარინ ლე პენმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, იქნება თუ არა ის შემდეგი პოლიტიკოსი, ვინც დაამტკიცებს, რომ გამოკითხვები მცდარია და შექმნის თუ არა ლიდერთა ტრიოს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან და რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად, ლე პენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ეს კარგი იქნება მსოფლიო მშვიდობისთვის“.

„თუ პრეზიდენტი ვიქნები, საფრანგეთს კარგი ურთიერთობები ექნება რუსეთთან“, - აღნიშნა ეროვნული ფრონტის ლიდერმა.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 27 აპრილს გაიმართება.