აფხაზეთი ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებისგან საქართველოზე ზემოქმედებას მოითხოვს

აფხაზეთი ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებისგან საქართველოზე ზემოქმედებას მოითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე გეგმავს თანათავმჯდომარეებისადმი მოწოდებას, ობიექტურად შეაფასონ „საქართველოს დისკრიმინაციული პოლიტიკა“ აფხაზეთთან მიმართებაში. „აფხაზინფორმის“ ცნობით, ამის შესახებ საუბარია დეფაქტო უწყების კომენტარში, რომელიც ქართველი პოლიტიკოსების რეაქციას უკავშირდება თურქეთის დედაქალაქში გამოსული გამოცემა „Sabah ABHAZYA“-ს პირველი ნომრის გამოსვლაზე.

„საქართველოს წარმომადგენლებმა, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვერ შეძლეს უკიდურესად ნეგატიური ემოციების შეკავება აფხაზეთთან მიმართებაში და კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს თურქეთის ხელისუფლებას თურქულ პრესაში აფხაზეთის შესახებ მასალების გამოქვეყნების გამო“, - ნათქვამია კომენტარში.

ამასთან, განცხადებაში განსაკუთრებული უკმაყოფილებაა გამოხატული საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილისადმი.

დეფაქტო უწყება გეგმავს, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენოს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები, ვინაიდან „აფხაზეთს არ გააჩნია საქართველოზე ზემოქმედების პირდაპირი ბერკეტები“, რათა მათ შეაფასონ „საქართველოს დისკრიმინაციული პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში“.