ჩვენ ვიქნებით თანამშრომლობის რეჟიმშიც, ოპონირების რეჟიმშიც და ხშირად მწვავე ოპონირების რეჟიმშიც

ჩვენ ვიქნებით თანამშრომლობის რეჟიმშიც, ოპონირების რეჟიმშიც და ხშირად მწვავე ოპონირების რეჟიმშიც

პარლამენტში იმიტომ დგას 150 სკამი და არა ერთი, რომ ვიკამათოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს განსხვავებული მოსაზრებები, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში გამართულ მიღებაზე გააკეთა, სადაც მან ძველი და ახალი მოწვევის პარლამენტის წევრებს უმასპინძლა.

“დღეს ჩვენ შევიკრიბეთ არჩევნებიდან დაახლოებით თვენახევრის შემდეგ. საარჩევნო ბატალიებით ერთმანეთისთვის მიყენებული ჭრილობებიდან ჯერ კიდევ სისხლი გვდის, შესაძლოა, ყველაფერი არ მოშუშებულა - შესაძლოა, მაგრამ მე მინდა, ვისურვო, რომ დღევანდელი დღიდან, საარჩევნო ჭრილობებს ყველა ბოლომდე მოვიშუშებთ მხოლოდ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ პოლიტიკური ბატალიები, არა იმისთვის, რომ მორჩა, შევთანხმდით და ყველაფერში ყველა ერთმანეთს დავეთანხმებით. არა! ჩვენ ვიქნებით თანამშრომლობის რეჟიმშიც, ოპონირების რეჟიმშიც, ხშირად მწვავე ოპონირების რეჟიმშიც - პარლამენტი ამიტომ არის მოგონილი, ამიტომ არის აქ 150 სკამი და არა ერთი, იმისთვის, რომ ვიკამათოთ, იმისთვის, რომ გავუზიაროთ ერთმანეთს განსხვავებული მოსაზრებები. ეს ყველაფერი გაგრძელდება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.