პარლამენტის სხდომის თარიღის განსაზღვრის თაობაზე კონსულტაციებში მე უშუალო მონაწილეობა არ მიმიღია

პარლამენტის სხდომის თარიღის განსაზღვრის თაობაზე კონსულტაციებში მე უშუალო მონაწილეობა არ მიმიღია

პარლამენტის სხდომის თარიღის განსაზღვრის თაობაზე კონსულტაციებში მე უშუალო მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა, პრეზიდენტმაც, პრემიერ- მინისტრმაც ჩემგან იცოდნენ, რომ პარლამენტში ყველაფერი მზადყოფნაშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის მიერ პარლამენტის სხდომის თარიღის დანიშვნის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, დაახლოებით ათი დღის წინ მას, პრეზიდენტს და პრემიერს ჰქონდათ საუბარი და როგორც პრემიერმა, ასევე პრეზიდენტმა იცოდნენ, რომ პარლამენტი მზად არის.

„დანარჩენი უკვე მათ შორის კონსულტაციების შედეგად გადასაწყვეტი საკითხებია. გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი. როდესაც საქმე ეხება პარლამენტს, ბუნებრივია, რომ იქნებოდა ურთიერთობა პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის. დანარჩენზე ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ კონსტიტუცია და კანონი ძალიან მკაფიო ჩარჩოებს აწესებს. ამიტომ, ახლა ერთი დღით ადრე, ერთი დღით უკან, დილის საათებში თუ საღამოს საათებში იქნება, ამაზე ჩამოყალიბდებიან. ეს არ მგონია, რომ რაიმე სუპერ რთული საკითხი იყოს მოსაგვარებლად“, - განაცხადა უსუფაშვილმა.