ვიჩქარე, როდესაც ვთქვი, რომ პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი გადაწყვეტილია - პრეზიდენტის სიტყვაა საბოლოო

ვიჩქარე, როდესაც ვთქვი, რომ პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი გადაწყვეტილია - პრეზიდენტის სიტყვაა საბოლოო

ვფიქრობ, გარკვეულწილად ვიჩქარე, როდესაც ვთქვი, რომ პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი საბოლოოდ არის გადაწყვეტილი, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნების” წევრმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხდომის დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივაა და ყველა მის გადაწყვეტილებას ელოდება.

”სხდომის ჩატარების ოპტიმალური ვადა, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი გუნდში, ეს არის 18 ნოემბერი, თუმცა იმის თქმა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია იქამდე, ვიდრე პრეზიდენტი არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და შესაბამის ბრძანებულებას არ გამოსცემს, რასაკვირველია, ნაადრევია, ნაჩქარევია ამაზე საუბარი. გარკვეული ინტერპრეტაციები იყო ამ საკითხთან დაკავშირებით და ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ მთავარ დოკუმენტს თარიღთან დაკავშირებით, მთავარი დოკუმენტი კი პრეზიდენტის ბრძანებულებაა. ვფიქრობ, გარკვეულწილად მეც ვიჩქარე, როდესაც ვთქვი, რომ ეს თარიღი საბოლოოდ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ვგულისხმობდი, რომ ჩვენთვის ეს დრო, ეს თარიღი არის კარგი, თუმცა რეალურად, პრეზიდენტის სიტყვა არის საბოლოო”, - განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეპუტატებს მოუწოდა, პარლამენტის პირველი სხდომის ჩანიშვნის შესახებ ”ნაჩქარევი განცხადებების” გაკეთებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან თარიღის განსაზღვრა პრეზიდენტის პრეროგატივაა, პარლამენტის ცალკეულმა წევრმა კი უკვე დაანონსა რომ ახალი მოწვევის პარლამენტი 18 ნოემბერს შეიკრიბებოდა.