მოლდოვას ტერიტორიული კონფლიქტის გადაწყვეტა შეიძლება მაგალითად გამოდგეს მსგავსი საკითხების გადასაწყვეტად უკრაინასა და საქართველოში, - აღნიშნული განცხადება რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა გააკეთა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„თუ მოლდოვა მიაღწევს თავისი ტერიტორიული კონფლიქტის გადაჭრას კონფედერაციის შექმნის სახით და ამავდროულად განავითარებს ურთიერთობებს რუსეთთან, ეს შეიძლება მაგალითად გამოდგეს მსგავსი საკითხების უკრაინასა და საქართველოში გადასაწყვეტად“, - განუცხადა დეპუტატმა ჟურნალისტებს.
დსთ-ს საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, ამ ქვეყნებში ერთი და იგივე პრობლემებია.
„ტერიტორიული პრობლემები, სახელმწიფო წყობის ფორმა, კონსტიტუცია და ეკონომიკა, თუ ამის მიღწევა შეიძლება სახელმწიფოში, რომელიც ასეა თუ ისე ჩამოყალიბებულია და ევროკავშირის საზღვართან მდებარეობს, რა თქმა უნდა, ეს უკრაინასა და საქართველოში მსგავსი საკითხის გადაწყვეტის საფუძველი იქნება“, - აღნიშნა ლეონიდ კალაშნიკოვმა.