პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ”ნაციონალების” თვითგამოცხადებულ ლიდერებზე, სააკაშვილისგან განსხვავებული პოზიციების მქონე ლიდერების პოლიტიკურ დევალვაციას ემსახურება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საყვარელიძემ განუცხადა, სააკაშვილი სავარაუდოდ, ”თვითგამოცხადებულ” ლიდერებში და ”სვეცკი” ჯგუფებში გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას გულისხმობდა.
”სააკაშვილს ბუნებრივია, ექნება ტენდენცია, რომ ლიდერები, ვინც მის საწინაამდეგო პოზიციას იკავებენ, მათი პოლიტიკურ დევალვაცია მოახდინოს. სააკაშვილი ”ნაციონალურ მოძრაობად” მიიჩნევს, მას ვინც მის პირველობას აღიარებს. აქ გასაკვირი მგონი არაფერია. საუბარია ბოკერიაზე და უგულავაზე ალბათ. თუმცა საინტერესოა, რომ რატომღაც სახელის თქმას სააკაშვილი ერიდება. ანალოგიური დამოკიდებულება მას ივანიშვილის მიმართაც ჰქონდა 2012 წლის საარჩევნო პერიოდში. ახსენებდა ოლიგარქს, რუსეთის პროექტად მოიხსენიებდა და ა.შ. მაგრამ სახელს და გვარს არ ახსენებდა. რაღაც ანალოგიური ხდება მე მგონი აქაც”, - განაცხადა საყვარელიძემ.
როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, ვრცელდება ხმები, რომ მიხეილ სააკაშვილს ”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის ჩაშლა სურს და, საყვარელიძის თქმით, თუ ეს სურვილი რეალურია, მაშინ მისთვის მსგავსი განცხადებები წამგებიანია.
”გავრცელდა ხმები, რომ მართლაც შეიძლება არ ჩატარდეს ყრილობა. თუ ეს სწორია, მაშინ სააკაშვილს ეშინია, რომ ყრილობის უმრავლესობა შეიძლება არ აღმოჩნდეს მის პლატფორმაზე და ის შესაძლოა უმცირესობაში მოხვდეს. მაშინ მთელი მისი შეტევა იმ ნაწილზე, რომელიც განსხვავებულ პოზიციზეა უკვე ძალადაკარგული იქნება, რადგან გამოვლინდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ლიდერი აღარაა. მისთვის ასეთი სიმკვეთრე წამგებიანია, იმიტომ რომ მაშინ მეორე მხარეც მკვეთრი იქნება და მკვეთრი დაპირისპირება რა შედეგსაც აჩვენებს, შეიძლება ეს სააკაშვილისთვის მომგებიანი არ იყოს”, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.