მე მეორე კურდღელს არ დავდევ, ვინ თქვა, რომ კურდღელს მივდევ?!, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა ჟურნალისტის შეკითხვაზე - ხომ არ არის მისი ბრძოლა ორ ფრონტზე - უკრაინასა და საქართველოში ორი კურდღლის დევნა. სააკაშვილის თქმით, ეს არა კურდღელი, არამედ დიდი ბრძოლაა.
”მე მეორე კურდღელს არ მივდევ, ვინ თქვა, რომ კურდღელს მივდევ?! არავითარი კურდღელი ეს არ არის. ეს არის ერთ დიდ ბრძოლაში მონაწილეობა. მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და რატომ?! მე ვიყავი აქ, როდესაც მიმდინარეობდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. დავრბოდი აქ მიტინგებზე. თბილისშიც დავდიოდი მიტინგებზე და აქაც დავდიოდი. თბილისში ვმონაწილეობდი ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში და აქაც ვმონაწილეობდი... მე ვიყავი აქ 1991 წელს, როდესაც უკრაინამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მე ვმონაწილეობდი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის გამართულ რეფერენდუმში 1991 წლის ოქტომბერში. მე მივეცი ხმა აქ უკრაინის დამოუკიდებლობას, როგორც უკრაინის მცხოვრებმა”, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოსთვის გადამწყვეტია. ”ეს ერთი ბრძოლაა. მაშინდელი ლოზუნგი იყო - თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის. ეს იყო ბალტიელების ლოზუნგი, უკრაინის ეროვნული მოძრაობის ლოზუნგი, ქართველების ლოზუნგი. ეს არის დღესაც ასე - ეს არის ერთი თავისუფლება და ერთი ბრძოლა. საქართველოსთვის რაც აქ მოხდება, არის გადამწყვეტი. ჩემი კონცენტრაცია არის გარდაუვალი, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს გარშემო არსებობს სამი ცენტრი - ანკარა, მოსკოვი და კიევი. ამ სიტუაციაში ანკარას აქვს თავისი პლუსები, ნამდვილად გასათვალისწინებელი. მოსკოვი ვისაც უნდა, იმას საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდა. რჩება ერთადერთი დიდი პოტენციური 100%-იანი მიზიდულობის ცენტრი და ეს არის კიევი”, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.