ამ წერილით ის ირკვევა, რომ ”ნაციონალებში” დიდი განხეთქილება, აურზაურია და რომ მგონი, მიშა არავის აღარ უნდა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილზე კომენტირებისას განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, იმის მიუხედავად, ვინ დარჩება თანამდებობაზე და ვინ არა, ”ნაციონალური მოძრაობა” ასოცირებული იქნება იმ ძალადობრივ სისტემასთან, რომელიც წინა ხელისუფლებამ შექმნა.
”იურიდიულად უცხო ქვეყნის მოქალაქე კარგა ხანია არ უნდა ყოფილიყო პარტიის თავმჯდომარე და ეს პირდაპირ კანონის დარღვევაა. აქედან გამომდინარე, აქ გიგი უგულავა ახალს არ ამბობს. სააკაშვილი არ იქნება და უგულავა იქნება, ეს მე ვფიქრობ, საზოგადოების თვალში ბევრს ვერაფერს შეცვლის. უგულავაც ისეთივე სახეა ”ნაციონალური მოძრაობის”, როგორც სააკაშვილი და ისინი ერთობლივად ქმნიდნენ იმ სისტემას, რასაც დანაშაულებრივი სისტემა ერქვა. შეიძლება პარტიულ თანამდებობაზე არ იყო, მაგრამ ის ამ პარტიას მოძღვრავს, მათი იდეოლოგია, მითუმეტეს, თუ მის დავალებებსა და ციხიდან მითითებებს ასრულებენ. ამიტომ იქნება თუ არა უგულავა რაიმე პოზიციაზე, რა მნიშვნელობა აქვს”, - განაცხადა კობახიძემ.
”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ”ნაციონალურ მოძრაობაში” ლიდერების გავლენების მოპოვებისთვის და პარტიის ხელში ჩაგდებისთვის იბრძვიან.
”ის, რომ სააკაშვილი და ბოკერია დღეს დაპირისპირებულ გუნდში ჩანან, ეს ჩვეულებრივი ბრძოლაა გავლენებისთვის, პარტიაში ავტორიტეტისთვის და პარტიის ხელში ჩაგდებისთვის. მაგრამ საზოგადოების თვალში ბოკერიაც, სააკაშვილიც, უგულავაც, მელიაც და ყველანი, ვინც არიან, მათ შორის ის 27 კაცი, რომელიც პარლამენტში შედის, ყველანი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელის ქვეშ ერთიანდებიან. თუნდაც ისინი ვინც გამოეყვნენ - ”გირჩი”, ვაშაძე და ა.შ. ყველა ერთი დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი გუნდია. ვიღაც სახელს გადაირქმევს, ვიღაც ამბობს რომ გადადგება და ა.შ. ამის მიუხედავად საზოგადოების თვალში ეს მაინც აღიქმება როგორც ის პარტია, რომელიც ქმნიდა დანაშაულებრივ რეჟიმს”, - აღნიშნა კობახიძემ და აქვე დასძინა, რომ გიგი უგულავას წერილით ასევე ნათელი ხდება ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი ”ნაცმოძრაობაში” ინტერესის ობიექტი აღარაა.
”ამ წერილით ის ირკვევა, რომ შიგნით დიდი განხეთქილება, აურზაურიაა და ის, რომ მიშა არავის აღარ უნდა მგონი. მეგი გოცირიძისა და ელისო კილაძის გარდა, მიშა აღარავის აინტერესებს”, - განაცხადა კობახიძემ.
პატიმრობაში მყოფი დედაქალაქის მერი გიგი უგულავა აუცილებლად მიიჩნევს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი თავმჯდომარე აირჩიოს.
”აუცილებელია, პარტიამ თავისუფალი კენჭისყრით, კონკურენტულ გარემოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს… ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად, პირიქით, საერთო საქმის ღალატია ერთ წერტილში გაყინული ყოფნა, - ნათქვამია მერის გიგი უგულავას ღია წერილში, რომლითაც ის თანაპარტიელებსა და მხარდაჭერებს მიმართავს.
გავრცელებულ მიმართვაში უგულავა აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე უნდა ჰყავდეს პარტიას ახალი, არამედ ისიც მზადაა რომ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგეს, რათა მიეცეს შესაძლებლობა თბილისის აქტივს ახალი თავმჯდომარე აირჩიოს და მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის.
გიგი უგულავა წერილში ასევე განმარტავს, რომ მან არ იცის, თუ რას ფიქრობს სააკაშვილი მის ამ პოზიციაზე, თუმცა დარწმუნებულია, რომ სრულად გაიზიარებს.