"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე პატიმრობაში მყოფი, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადებას საყურადღებოდ მიიჩნევს.
"პირველთან" საუბარში გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ გიგი უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით, პარტია პოლიტსაბჭოს სხდომებზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
"ყველა ჩვენი წევრის აზრი, მით უმეტეს, იმ ადამიანების, რომლებიც პატიმრობაში ან დევნილობაში არიან, საყურადღებოა. ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთის მოსაზრებები.
ამ საკითხებზე პოლიტსაბჭოს სხდომებზე ვისმჯელებთ, რომელიც არაერთხელ გაიმართება და საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით. მთავარია, ერთიანობა შევინარჩუნოთ. ყველა წევრის აზრი ძალიან მნიშვნელოვანი, განსახილველი და დასაფასებელია",- განუცხადა "პირველს" გიორგი ბარამიძემ.
გიგი უგულავას განცხადება 3 ნოემბერს გავრცელდა. თბილისის ყოფილი მერი პარტიაში განსახორციელებელ ცვლილებებზე საუბრობს.
უგულავას თქმით, პარტიის მხარდამჭერთა ნაწილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ უპირობოდ იმსახურებს პარტიის თავმჯდომარეობას, მაგრამ მოცემულ რეალობაში ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია.
"არ ვიცი, რას ფიქრობს ამ საკითხზე მიშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ამ ჩემს იდეას სრულად გაიზიარებს. მეტიც, მე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვაპირებ გადავდგე, რათა მივცე შესაძლებლობა - თბილისის აქტივმა ახალი თავმჯდომარე აირჩიოს და მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის. ერთი სიტყვით, პარტიის ყველა საკვანძო, არჩევით თანამდებობაზე უმდა ჩატარდეს არჩევნები", - აღნიშნულია გიგი უგულავას განცხადებაში.