გიგი უგულავა არის პარტიის გამორჩეული ლიდერი და მის მოსაზრებებს აქვს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განუცხადა. მისი თქმით, პარტიის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება.
”გიგი უგულავა არის პარტიის გამორჩეული ლიდერი. მის მოსაზრებებს აქვს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ძალიან ბევრისთვის. რაც შეეხება მომავალს, ხედვებს, პარტიაში იქნება მსჯელობა და მივიღებთ გადაწყვეტილებებს. წინ გვაქვს პოლიტიკური საბჭოს შეკრება, შემდეგ არის ყრილობა. ყველაფერ ამასთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რასაც საზოგადოება გაიგებს”, - განაცხადა რატიანმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე, რატიანის თქმით, კითხვის ფორმულირება არასწორია.
”ფორმალურად, მიხეილ სააკაშვილი ერთი წელია აღარ არის პარტიის თავმჯდომარე. ეს ვითარება შექმნა ივანიშვილმა. ამიტომ, საკითხის ასე დაყენება საერთოდ აღარ არის ადეკვატური. ის ფორმალურად ახლაც არ არის თავმჯდომარე. გიგი უგულავას წერილში გაჟღერდა, რომ პარტიაში აუცილებელია განახლება და უნდა იყოს აღწერილი ის რეალობა, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით. ამ წლების განმავლობაში პარტია ვითარდებოდა. სწორედ მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ეს პარტია, რომელიც მუდმივად ვითარდება და გახსნილია კარები. ჩვენ ამ განახლების პროცესს გავაგრძელებთ და თუ როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამას მოგახსენებთ”, - აღნიშნა რატიანმა.
მისივე თქმით, ასევე არასწორია იმაზე საუბარი თუ ვისი ბრალი იყო არჩევნებში დამარცხება.
”ამაზე საუბარი არ არის. ერთმანეთზე გადაბრალება მიზანშეწონილი არ არის. თუმცა, ჩვენ აუცილებლად გავაანალიზებთ და ამაზე იქნება პოლიტიკურ საბჭოზეც საუბარი. ჩვენ ყველა დეტალი უნდა გავაანალიზოთ თუ როგორი იყო ჩვენი კამპანია, რა პრობლემები გვქონდა. აქ არ არის საუბარი მიხეილ სააკაშვილის შეცდომებზე, საუბარია იმაზე თუ რატომ არ მოხდა გამარჯვება. საკითხის ასე დაყენება არ არის მართებული, გიგის ასეთი მოწოდება არ ქონია. გიგის წერილი არის ერთობის სულისკვეთებით და არა პრობლემების შექმნის”, - აღნიშნა რატიანმა.