ზურაბ ჭიაბერაშვილი:  ბუნებრივია, ჩვენ მოგვიწევს პარტიის ხელმძღვანელობის განახლება

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ბუნებრივია, ჩვენ მოგვიწევს პარტიის ხელმძღვანელობის განახლება

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პარტიას მოუწევს ხელმძღვანელობის განახლება, - ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს გიგი უგულავას წერილის იმ ნაწილის შეფასებისას განუცხადა, რომელიც ”ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხს ეხება. რაც შეეხება სააკაშვილს, ჭიაბერაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, საქართველოს კანონმდებლობით ვერც იქნება პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და ფორმალურად არც არის პარტიის თავმჯდომარე.

”როგორც გიგი უგულავას პატიმრობა არის პოლიტიკური ნიშნით, ისე მიხეილ სააკაშვილის დევნილობაში ყოფნა არის პოლიტიკური ნიშნით და ბიძინა ივანიშვილის პირადი სურვილი. მიხეილ სააკაშვილი, იმის გამო, რომ მას ჩამოართვა მოქალაქეობა ივანიშვილის რეჟიმმა, საქართველოს კანონმდებლობით ვერც იქნება პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და ფორმალურად არც არის პარტიის თავმჯდომარე. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც დაგვაყენა ივანიშვილმა. გიგი უგულავა ასევე საუბრობს, რომ შეუძლია დარჩეს ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, თუმცა ის მიიჩნევს, რომ პარტიას სჭირდება შემდგომი განახლება. ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ არჩევნებამდე და გავაგრძელებთ არჩევნების შემდეგაც. თავად მიხეილ სააკაშვილიც საუბრობს ერთ-ერთ მოწოდებაში, რომ ჩვენ გვჭირდება გააზრება იმის თაობაზე თუ როგორ იაროს პარტიამ წინ. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ მოგვიწევს პარტიის ხელმძღვანელობის განახლება. ამაზე იმსჯელებს პარტიის ხელმძღვანელი ორგანოები, პოლიტსაბჭო, ეს საკითხი დაისმება ყრილობაზე და პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 
მისივე თქმით, გიგი უგულავა არის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და მისი მოსაზრებები ძალიან საინტერესოა. 

”ის არის პოლიტპატიმარი, პოლიტდევნილი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ და მისი მოსაზრებები როგორ წარმოუდგენია მას ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ქვეყნის მომავალი და მათ შორის რა სტრატეგიით უნდა იმოქმედოს ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, ფრიად საყურადღებოა. რაც შეეხება წერილის შინაარს, პარტიის ყველა წევრი, აქტივისტი, მხარდამჭერი, საზოგადოება, ჩვენც, გავეცნობით ყურადღებით. მითუმეტეს, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს დღეს საღამოს პოლიტსაბჭო, სადაც უნდა იყოს მსჯელობა თუ როგორ უნდა მოემზადოს პარტია, რომ გაუწიოს სერიოზული წინააღმდეგობა ბიძინა ივანიშვილს. ის გამოთქმული მოსაზრებები რაც წერილშია, იქნება საყურადღებო ჩვენი მომდევნო დისკუსიებისთვის”, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა. 

რაც შეეხება კითხვას არჩევნებში დამარცხებაში თუ რამდენად მიუძღვის ბრალი მიხეილ სააკაშვილს, ჭიაბერაშვილის თქმით, პარტია წერილობით გაავრცელებს მოსაზრებას არჩევნებში მიღებულ შედეგებთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იქნება როგორც ძლიერ, ასევე სუსტ მხარეებზე.