გიორგი ცუცქირიძე:  ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების არანაირი წინაპირობა არ არის

გიორგი ცუცქირიძე: ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების არანაირი წინაპირობა არ არის

“საქართველოს ბანკების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების არანაირი წინაპირობა არ არის.

როგორც ცუცქირიძე აცხადებს, ის, რაც დღეს სავალუტო კურსთან დაკავშირებით ხდება, დიდწილად არის აჟიოტაჟისა და ტრანსფორმირებული მოლოდინების შედეგი. 

„როდესაც წლის განმავლობაში სებ-ი ახორციელებდა სავალუტო ინტერვენციებს, ეს ექსპერტთა ნაწილმა, წმინდა პოლიტიკური ოპოზიციური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ცალსახად წინასაარჩევნო ქმედებად მიიჩნია და კურსის ხელოვნურ დაჭერად შეაფასა. სამწუხაროდ, მოხდა რა ამ თეზის მედიასივრცეში გადატანა, შეიქმნა მოლოდინი არჩევნების შემდეგ ლარის მოსალოდნელ გაუფასურებაზე. დიდწილად ამ ტრანსფორმირებული მოლოდინების შედეგია, რომ ადამიანები, მათ შორის, მეწარმე პირების ნაწილი ყიდულობს უცხოურ ვალუტას იმისდა მიუხედავად, კონკრეტულ მომენტში მათ ეს სჭირდებათ თუ არა. მსურს განვმარტო, რომ ლარის აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურებას აქვს დროებითი ხასიათი, თუ იგი არ მომდინარეობს მაკრო ფაქტორების სერიოზული ცვლილებებიდან, ან დისბალანსიდან, მათ შორის, საგადამხდელო ბალანსის პოზიციიდან. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკაში არის სერიოზული პრობლემები ანუ ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესება და შესაბამისად, ეკონომიკის ვარდნა გრძელვადიან ხასიათს ატარებს, მაშინ ვერც ეროვნული ბანკი და ვერც მთავრობა ცალ-ცალკე ვერაფერს გააწყობს ეკონომიკის ძირეული სტრუქტურული ტრანსფორმაციის და ანტიკრიზისული მენჯმენტის გარეშე. თუ შევთანხმდებით, რომ არც ეკონომიკური ვარდნა და მით უმეტეს არც წინაკრიზისული სიტუაცია არ არის და ამდენად კატასტროფა არ ხდება (ლარი სექტემბრიდან მოყოლებული 5% არის გაუფასურებული), არანაირი წინაპირობა ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურებისა არ არის”, - განაცხადა ცუცქირიძემ.