ირაკლი კობახიძე - პარლამენტში თანამშრომლობა ყველა სუბიექტს შორის უნდა შედგეს, სხვანაირად ის თავის ფუნქციას ჯეროვნად ვერ განახორციელებს

ირაკლი კობახიძე - პარლამენტში თანამშრომლობა ყველა სუბიექტს შორის უნდა შედგეს, სხვანაირად ის თავის ფუნქციას ჯეროვნად ვერ განახორციელებს

პარლამენტში ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის თანამშრომლობა და კომუნიკაცია უნდა შედგეს, სხვანაირად პარლამენტი თავის ფუნქციას ჯეროვნად ვერ განახორციელებს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა. 

კითხვაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, როგორ ესახება საპარლამენტო უმცირესობასთან - ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობა, კობახიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის პრაქტიკა დასრულდეს და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია მოხდეს. 

”პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილი არაფერია და კონსულტაციები გრძელდება. ზოგადად გეტყვით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, წარმოადგენს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, თუმცა მას აქვს ერთგვარი ნეიტრალური ფუნქციაც მინიჭებული - მან უნდა წარმართოს საპარლამენტო მუშაობა და ამ მუშაობაში ჩართოს ყველა ის სუბიექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარმოდგენილი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა - ეს არის პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია და პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია. ამ პროცესებს ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლარიზაციის და რადიკალიზაციის პრაქტიკა დასრულდეს და საბოლოო ჯამში, შევძლოთ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელიც პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციას და ზოგადად, პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას წაადგება. ამაში პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი განსაკუთრებული წვლილი უნდა შეიტანოს. როდესაც საუბარია პარლამენტზე, იქ ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის უნდა შედგეს თანამშრომლობა და კომუნიკაცია. სხვანაირად პარლამენტი თავის ფუნქციებს ჯეროვნად ვერ განახორციელებს - მე სწორედ ასე მესახება პარლამენტის შიგნით პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობა და მუშაობა”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ირაკლი კობახიძემ.