”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის აზრით, საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილებება, მათ შორის ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციაში განსაზღვრის საკითხიც საკონსტიტუციო ცვლილებების ფართო ფორმატში განხილვის საგანი უნდა გახდეს.
როგორც კობახიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, როცა საუბარია კონსტიტუციაში კომპლექსური ცვლილებების განხორციელებაზე, კარგი იქნება მთელი პროცესი თავიდან დაიწყოს და ყველა უკვე ინიცირებული კანონპროექტი გვერდზე გადაიდოს.
კობახიძის აზრით, სწორი არ იქნება კონსტიტუციის გადასინჯვის ფორმატში ”ქართული ოცნება” რაიმე საკითხზე წინასწარ განსაზღვრული გადაწყვეტილებით შევიდეს.
”დღეს პარლამენტში ინიცირებულია და განხილვის პროცესშია რამდენიმე საკონსტიტუციო კანონპროექტი. ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ასეთია, რომ ყველაფერი უნდა დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან. ჩვენ თუ ვსაუბრობთ კომპლექსურ ცვლილებებზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში უნდა შევიდეს, კარგი იქნება, რომ მთელი პროცესი თავიდან დავიწყოთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გვერდზე გადავდოთ ყველა ინიცირებული კანონპროექტი და ერთიანად, კომპლექსურად განვიხილოთ ყველა ის ცვლილება, რომელიც შეიძლება საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს. ბუნებრივია, ყველა მუხლი გახდება განხილვის საგანი, მათ შორის ის მუხლიც, რომელიც დაკავშირებულია ქორწინების დეფინიციასთან. კარგი არ იქნება, თუკი ჩვენ ამ პროცესში წინასწარი განსაზღვრული გადაწყვეტილებებით შევალთ. ჩვენ ვართ მმართველი ძალა. ჩვენ ბუნებრივია წარვმართავთ ამ პროცესს, რომელიც დაკავშირებული იქნება საკონსტიტუციო ცვლილებასთან, თუმცა სწორი არ იქნება წინასწარ განსაზღვრული გადაწყვეტილებით შევიდეთ ამ პროცესში - ჩვენ კარი უნდა გავხსნათ ყველა ტიპის დისკუსიისთვის ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ეს შეიძლება ეხებოდეს ქორწინების დეფინიციასაც. ჩვენი მიდგომა სავარაუდოდ ასეთი იქნება, თუმცა ამ ყველაფერზე იმ ფორმატში უნდა შევჯერდეთ, რომელიც ძალიან მალე ჩამოყალიბდება”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის დღის წესრიგში, პირველი მოსმენით კენჭსაყრელ საკითხებს შორის არის ”ქართული ოცნების” ავტორობითა და ინიციატივით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ნაბაყოფლობითი კავშირის კონსტიტუციაში განსაზღვრას ითვალისწინებს.
ამასთან, სახელისუფლებო პარტია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვაზე საუბრობს და ამ მიზნით საკონსტიტუციო კომისიის ხელახლა ჩამოყალიბებას გეგმავს.