გამოძიებას მე ჩემს შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია მივაწოდე, თუმცა მათი მხრიდან შეკითხვები ეხებოდა, თუ რა გარემოებებში მოხდა საუბრის ჩაწერა. მე ამ დეტალებზე არ ვისაუბრე, რადგან კანონი მაძლევს ამის საშუალებას, - ამის შესახებ ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსაათიანი გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
გვარამიას თქმით, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერი, რომელზეც უწყებაში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, მისი ჩაწერილია, თუმცა დამონტაჟებულია უცხო პირების მიერ იმგვარად, რომ მამუკა ახვლედიანს ზიანი მიადგეს. მისივე მტკიცებით, რეალურად საუბარში საკითხი არ შეეხებოდა ქრთამის შეთავაზებას, როგორც ეს ჩანაწერში ჩანს.
”ყველა საკითხზე იყო კითხვები. რაც ჩემთვის ცნობილი იყო, ყველაფერზე ვისაუბრე, გარდა იმ გარემოებისა, თუ რა ვითარებაში მოხდა ჩვენი შეხვედრა. მე ამის უფლებას კანონი მაძლევს. უწყების მხრიდან იყო შეკითხვები 6 მილიონთან დაკავშირებითაც. ეს არაკორექტული შეკითხვები იყო, ვინაიდან გამოძიება ეხება ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას და არა ჩანაწერის შინაარსს. მე ასევე დავაკონკრეტე, რომ თანხაზე საუბრის ნაწილი არ ეხებოდა მამუკა ახვლედიანს, შემხებლობაში არ იყო საქმესთან. მე ვადასტურებ კიდევ ერთხელ, რომ ჩანაწერი არის ნამდვილი, არის ჩემი ხმა და არის ჩემი ჩაწერილი, თუმცა არის დამონტაჟებული იმგვარად, რომ ჩრდილი მიაყენოს ახვლედიანს. ქრთამის შეთავაზებაზე ახვლედიანთან არ ყოფილა საუბარი. ან რატომ უნდა შემეთავაზებინა, ის ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს არ იღებდა”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ჩანაწერი ”შიგნიდან იყოს გამოტანილი”. ”შესაძლებელია შიგნიდან იყოს გამოტანილი და არ გამოვრიცხავ ჩემს თანამშრომლებს გამოეტანათ, რადგან სუს-მა ადრე უკვე დაამონტაჟა მოსასმენი აპარატურა ჩემს კაბინეტში”, - აღნიშნა მან. გვარამიას თქმით, გამოძიების არანაირი იმედი არ აქვს, რადგან ”პროცესების მართვა სწორედ სპეცსამსახურების მხრიდან მიმდინარეობს”.
”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. მისი გამოკითხვა 3 საათს გაგრძელდა.