ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმ პოლიტიკის, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ახორციელებს, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას.
მისივე თქმით, ეს არის ქმედება, რომელიც არ არის ნამდვილად მიმართული რეგიონში უსაფრთხოებისკენ.
"ამით ირღვევა როგორც 2008 წლის შეთანხმების პირობები, ასევე ირღვევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები და ნორმები.
ჩვენ გავაკეთეთ ამაზე რეაგირება როგორც 2015 წელს, ასევე დღესაც და ჩვენი მხრიდან ეს საკითხი დგას ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში.
დღეს ეს საკითხი ასევე განიხილება ეუთოს მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრის ფორმატში", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.