საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სავარაუდოდ სოფიო ქაცარავა უხელმძღვანელებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სავარაუდოდ სოფიო ქაცარავა უხელმძღვანელებს

“ქართული ოცნება“ მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარტიის ახალ სახეს სოფიო ქაცარავას წარადგენს. 

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნულ პოსტზე ქაცარავას კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. 

ქაცარავა 2005-2016 წლებში დიდი ბრიტანეთის საელჩოში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. მას დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმიტი საქართველოს და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო ურთიერთობების გასაღრმავებლად გაწეული სამსახურისთვის დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენს (MBE) გადასცემს.

გარდა ამისა, როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარტიის ახალი სახე უხელმძვანელებს ჯანდაცვის კომიტეტს, რომელსაც არაოფიციალური ინფორმაციით, მარიამ ჯაშს ჩააბარებენ. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია კიდევ ერთი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით - იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ მამუკა მდინარაძის წარდგენა იგეგმება. 

საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები გუშინ საღამოს გაიმართა. აღნიშნული პროცესი გრძელდება.