გია ხუხაშვილი - საჭიროა სისტემური რეორგანიზაცია: აზრი არ აქვს იმ სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების არსებობას, რომლებიც თავის თავს ვერ ინახავენ

გია ხუხაშვილი - საჭიროა სისტემური რეორგანიზაცია: აზრი არ აქვს იმ სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების არსებობას, რომლებიც თავის თავს ვერ ინახავენ

თუ სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები თავის თავს ვერ ინახავენ, შესაბამისად მათ არსებობასაც აზრი არ აქვს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. 

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიმართულებით სისტემური რეორგანიზაციაა საჭირო და ამ მხრივ მთავარი პრინციპი შვილობილი სტრუქტურების შემოსავლიანობა უნდა იყოს. 
”ზოგადი პრინციპის სახით სჯობს ის ა(ა)იპ-ები და სსიპ-ები იყოს შენარჩუნებული, რომლებსაც თავის თავის შენახვა შეუძლია. ისეთი შვილობილი სტრუქტურების შენახვას, რომელსაც აქვს ფასიანი სერვისები, აზრი აქვს. თუ ა(ა)იპ-ები და სსიპ-ები არიან ბიუჯეტზე მიბმულები, ანუ ზარალიანები, მათ შენახვას აზრი არ აქვს. ასეთი ქვესტრუქტურები, სჯობს, პირდაპირ იყოს ინტეგრირებული, ყოველგვარი დამატებითი სამეურნეო ანგარიშის გარეშე. აქ ასევე შეიძლება იყოს გარკვეული გამონაკლისი, იგივე უნივერსიტეტებთან მიმართებაში და ა.შ. რაც შეიძლება სპეციფიური საკითხი აღმოჩნდეს”, - განაცხადა ხუხაშვილმა. 

როგორც ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტი აღნიშნავს, მას არ აქვს ინფორმაცია რამდენი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია საქართველოში, რომელსაც აქვს იმდენი შემოსავალი, რომ თავისი თავი შეინახოს. 

”ეს საკითხი არ მაქვს შესწავლილი და ახლა შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ ზოგად მიდგომაზე, თუ რა არის სწორი. ფაქტია, რომ ჩვენ აქ გვჭირდება სერიოზული სისტემური რეორგანიზაცია, რეფორმა და ეს რომ დაიწყოს, ამისთვის ზოგად პრინციპად ალბათ ეს უნდა იყოს გამოყენებული, რომ ა(ა)იპ-ები და სსიპ-ები თავის თავს უნდა ინახავდნენ. თუ ისინი თავის თავს ვერ ინახავენ, შესაბამისად მათ არსებობასაც აზრი არ აქვს”, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.