„ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობდა იმაზე, თუ როგორ გადანაწილდება საკომიტეტი თანამდებობები

„ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობდა იმაზე, თუ როგორ გადანაწილდება საკომიტეტი თანამდებობები

საპარლამენტო კომიტეტების დაკომპლექტების საკითხი საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდება, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა განუცხადა.

მისი თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარეობდა კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადანაწილდება პარლამენტში საკომიტეტი თანამდებობები.

„მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით. მომავალში იქნება პოლიტსაბჭოს სხდომა და ვფიქრობ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ეს საკითხები საბოლოოდ გადაწყდება. ჯერ მხოლოდ კონსულტაციების პროცესში ვართ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისივე თქმით, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, სავარაუდოდ, 19 ნოემბერს გაიმართება, როდესაც პარლამენტის დაკომპლექტების საკითხი უკვე სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა და მოხდება პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირების არჩევა.

ამასთან, კახიანის განმარტებით, საზოგადოება კანდიდატურების შესახებ ინფორმაციას ბევრად უფრო ადრე გაიგებს.

რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურებს, გიორგი კახიანი ერთადერთი იმას ადასტურებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატურა, რომელიც განიხილება, ირაკლი კობახიძეა. სხვა თანამდებობის პირების შესახებ ის რაიმე ინფორმაციას არ ახმაურებს.

„ქართული ოცნების“ ოფისში საკონსულტაციო შეხვედრა ორ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. პარტიის წევრები მსჯელობდნენ იმ პოზიციებზე, ფუნქციებსა და როლებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებს მე-9 მოწვევის პარლამენტში ექნებათ.