ნებისმიერი პროცედურა, რომელიც მიმართული იქნება საქმის გაჭიანურებისკენ, ჩვენთვის დამაზიანებელია

ნებისმიერი პროცედურა, რომელიც მიმართული იქნება საქმის გაჭიანურებისკენ, ჩვენთვის დამაზიანებელია

ნებისმიერი პროცედურა, რომელიც მიმართული იქნება საქმის გაჭიანურებისკენ, ჩვენთვის დამაზიანებელია და რა თქმა უნდა უარყოფითად შეფასდება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ”რუსთავი 2”-ის სარჩელების ხელახლა განხილვის შესაძლებლობის შეფასებისას განუცხადა.

როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, მათ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შედეგის მომტანი აღარ იქნება, თუ მანამდე განაჩენი უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა.

”ჩვენს შემთხვევაში ჯერ კოლეგიის ფორმატში განვიხილეთ საქმე, მერე პლენუმმა თავიდან დაიწყო განხილვა. ანუ საქმე ორჯერ უკვე განხილული გვაქვს და გამოდის, რომ მესამედ თავიდან უნდა დავიწყოთ განხილვები. ყველაზე დიდი პრობლემა აქ არის დროის ფაქტორი, რადგან თუკი უზენაესი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, მერე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რა შინაარსისაც არ უნდა იყოს, ჩვენი უფლებების დაცვაზე ვეღარანაირ გავლენას ვეღარ მოახდენს. აქედან გამომდინარე ნებისმიერი პროცედურა, რომელიც მიმართული იქნება საქმის გაჭიანურებისკენ, ჩვენთვის დამაზიანებელია და რა თქმა უნდა უარყოფითად იქნება შეფასებული”, - აღნიშნა საძაგლიშვილმა.

ადვოკატის თქმით, მას ესმის საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლო ქმედების ლოგიკაც, თუმცა უკეთესად მიაჩნია, თუ ახალი მოსამართლეები საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეების პოზიციებს გაეცნობიან და გადაწყვეტილებას ასე მიიღებენ.

”ერთის მხრივ მესმის ლოგიკა ახალი მოსამართლეების დამატებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ შემთხვევაში ალბათ უკეთესი იქნება, რომ ამ მოსამართლეებმა ნახონ, თუ რა პოზიციები იყო დაფიქსირებული სხვა მოსამართლეების მონაწილეობით ჩატარებულ სხდომებზე და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. მაგრამ თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ თავიდან უნდა განიხილოს საქმე, ჩვენ მოგვიწევს დავემორჩილოთ მის გადაწყვეტილებას და ხელახლა ჩავერთოთ განხილვაში”, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საკონსტიტუციო სარჩელი ამორალური გარიგების მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება. ტელეკომპანიის ადვოკატების ერთ-ერთი სარჩელი ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის უკუძალის ეფექტის მინიჭებასაც ეხება, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, იმ საქმეებსაც უნდა შეეხოს, რომლებზეც განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული.

გახმაურებული საქმეების, მათ შორის „რუსთავი 2“-ის და კაბელების საქმეების განხილვა შესაძლოა თავიდან დაიწყოს. საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს, რომლებსაც აღნიშნული საქმეები გასაცნობად გადაეცათ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ზაზა თავაძის თქმით, სწორედ ახალი მოსამართლეების გადასაწყვეტია, საქმეები თავიდან განიხილება თუ მოხდება მისი გაგრძელება იმ ეტაპიდან, რა ეტაპზეც ახლა არის.