კაბელების საქმის ხელახალი განხილვა მხოლოდ დროის გაწელვა იქნება

კაბელების საქმის ხელახალი განხილვა მხოლოდ დროის გაწელვა იქნება

კაბელების საქმის ხელახალი განხილვა მხოლოდ დროის გაწელვა იქნება,- ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ე.წ კაბელების საქმის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა.

მისი თქმით, არსებობს სასამართლო ოქმები, სარჩელები, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ გადაწყვეტილება ხელახალი განხილვის გარეშე გამოცხადდეს.

”კაბელების საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას ახსოვს, როგორი ხანგრძლივი პროცესები და პერიპეტიები იყო. ე.წ კაბელების საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლომდეა მისული და ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, როდესაც ახალი მოსამართლეები ინიშნებიან, მათ უნდა გადაეცეთ საქმე, მით უმეტეს, რომ პლენუმი იხილავს. თუმცა, არსებობს სასამართლოს სხდომის ოქმები, სადაც სრულფასოვნად არის კითხვებზე პასუხი გაცემული. აქედან გამომდინარე, კაბელების საქმის ხელახალი განხილვა, მხოლოდ დროის გაწელვა იქნება. არსებობს შესაძლებლობა, რომ თავიდან განხილვის გარეშე მოხდეს გადაწყვეტილების გამოტანა და იმედია სასამართლო ამაზე იმსჯელებს”, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

გახმაურებული საქმეების, მათ შორის „რუსთავი 2“-ის და კაბელების საქმეების განხილვა შესაძლოა თავიდან დაიწყოს. საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს, რომლებსაც აღნიშნული საქმეები გასაცნობად გადაეცათ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის თქმით, სწორედ ახალი მოსამართლეების გადასაწყვეტია, საქმეები თავიდან განიხილება თუ მოხდება მისი გაგრძელება იმ ეტაპიდან, რა ეტაპზეც ახლა არის.