ე.წ გახმაურებული საქმეების, მათ შორის „რუსთავი 2“-ის და კაბელების საქმეების განხილვა შესაძლოა თავიდან დაიწყოს. საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს, რომლებსაც აღნიშნული საქმეები გასაცნობად გადაეცათ.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ თემაზე კომენტირების დროს განაცხადა, სწორედ ახალი მოსამართლეების გადასაწყვეტია, საქმეები თავიდან განიხილება თუ მოხდება მისი გაგრძელება იმ ეტაპიდან, რა ეტაპზეც ახლა არის.
"თუ სამი ახლად შემომატებული მოსამართლე გადაწყვეტს, რომ საქმეები ხელახლა დაბრუნდეს განხილვაში, თავიდან დაიწყება განხილვა. თუნდაც ერთმა მათგანმა რომ თქვას, რომ საქმეზე უნდა დაიწყოს ხელახალი განხილვა, ასე უნდა მოვიქცეთ. იგივეს ძველი მოსამართლე ვერც მე და ვერც სხვა ვერ მოითხოვს", - აღნიშნა ზაზა თავაძემ.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიები დაკომპლექტდა და მოსამართლეები საქმეების განხილვას მომავალი კვირიდან შეუდგებიან.