თვითმფრინავში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ვყოფილვარ და ჩემი შეუძლოდ გახდომა ამ მიზეზით არ მომხდარა

თვითმფრინავში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ვყოფილვარ და ჩემი შეუძლოდ გახდომა ამ მიზეზით არ მომხდარა

ალკოჰოლის მომხმარებელი როგორც ასეთი, ვარ ზომიერად და ვინც მე მიცნობს, ეს ძალიან კარგად იცის, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ, თვითმფრინავში მომხდარ ინცინდენტზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ზაზა თავაძემ განმარტა, ის თვითმფრინავში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ასულა და შესაბამისად, მისი შეუძლოდ გახდომა აღნიშნულს არ უკავშირდება.

ზაზა თავაძის თქმით, მას სპაზმი ჰქონდა, თუმცა არ განმარტა, კონკრეტულად რაში მდგომარეობდა პრობლემა.

„რაც შეეხება იმას, რომ დილის 05 საათზე ალკოჰოლი მივიღე და ისე მოხდა ჩემი თვითმფრინავში ასვლა - სისულელეა, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთ-ერთმა სააგენტომ მოითხოვა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ცნობა არის წარმოდგენილი იმ კლინიკიდან, სადაც, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ამოვყავი თავი. მე რომ ალკოჰოლი მიმეღო და ისე ავსულიყავი თვითმფრინავში, როგორც ექიმები მეუბნებიან, ის სპაზმი, რაც დამემართა, არ დამემართებოდა“, - აღნიშნა ზაზა თავაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რანგში უცხო ქვეყანაში პირველი ვიზიტის დროს, ზაზა თავაძე თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, რის გამოც თვითმფრინავმა მარშრუტი შეცვალა, სხვა ქვეყანაში დაჯდა და ზაზა თავაძის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.