რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ჯართა გაერთიანებული დაჯგუფება შეიქმნება

რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ჯართა გაერთიანებული დაჯგუფება შეიქმნება

რუსეთის სახელმწიფო დუმამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლის მიხედვით, შეიქმნება რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ჯართა გაერთიანებული დაჯგუფება.

აღნიშნულ დოკუმენტს მოსკოვში, 2015 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი.

ე.წ. შეთანხმების თანახმად, გაერთიანებული დაჯგუფების მთავარი ამოცანა „შეიარაღებულ თავდასხმაზე (აგრესიაზე) ადეკვატური რეაგირება“ იქნება.

როგორც მოსალოდნელია, გაერთიანებულ დაჯგუფებაში შევა ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა, ორი აფხაზური მოტომსროლელი ბატალიონი, საავიაციო და საარტილერიო ჯგუფები, ასევე სპეცდანიშნულების ძალების ქვედანაყოფი. დაჯგუფებას რუსული საოკუპაციო ბაზის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.

რუსეთის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის შეფასებით, დოკუმენტის რატიფიცირება პასუხობს რუსეთის ინტერესებს, ხელს უწყობს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას და რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას უჭერს მხარს.