მერაბ ტურავას განცხადებით, ე.წ. გახმაურებული საქმეები ახალ მოსამართლეებს - ირინა იმერლიშვილსა და გიორგი კვერენჩხილაძეს გასაცნობად გადაეცა

მერაბ ტურავას განცხადებით, ე.წ. გახმაურებული საქმეები ახალ მოსამართლეებს - ირინა იმერლიშვილსა და გიორგი კვერენჩხილაძეს გასაცნობად გადაეცა

დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა განიხილოს საქმეები, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეულმა მდივანმა მერაბ ტურავამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მერაბ ტურავამ არ დააკონკრეტა, თუ რამდენმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი მის კანდიდატურას და აღნიშნა, რომ ეს საკითხი „თათბირის საიდუმლოებაა“.

მერაბ ტურავამ ე.წ „გახმაურებული საქმეების“ განხილვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მაღალი ინტერესის მქონე საქმეები უკვე გადაეცა პრეზიდენტის მიერ განმწესებულ ახალ მოსამართლეებს გასაცნობად, თუმცა ჯერ არ არის დადგენილი განხილვის დრო და გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი.

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, როგორც პლენუმის, ასევე კოლეგიის შემადგენლობაში განვიხილოთ სარჩელები და მივიღოთ გადაწყვეტილებები. პირველ კოლეგიაში დღეისთვის ოთხი მოსამართლეა წარმოდგენილი, მეორე კოლეგიაში კი სამი. ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი წარადგენს კიდევ ერთ წევრს ჩვენთან, მაგრამ მანამდე, კოლეგია უფლებამოსილია იმუშაოს, თუ სხდომას ესწრება სამი მოსამართლე. ახალ მოსამართლეებს, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა განამწესა, გადაცემული აქვთ სარჩელები, მაგრამ ჯერ არ არის დადგენილი კონკრეტული დღე, განხილვის ან გადაწყვეტილების გამოტანის“ , - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ პლენუმს კოლეგიის თავმჯდომარეებისა და სასამართლოს მდივნის კანდიდატურები წარუდგინა. ფარულ კენჭისყრაზე პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ და ამავე დროს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ ლალი ფაფიაშვილი დაინიშნა, მეორე კოლეგიის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში გახდა, ხოლო სასამართლოს მდივნად მერაბ ტურავა დაინიშნა.