მოქმედი პარლამენტი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ბიუჯეტის პროექტის განხილვის მიზნით ვერ შეიკრიბება

მოქმედი პარლამენტი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ბიუჯეტის პროექტის განხილვის მიზნით ვერ შეიკრიბება

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის 15 ნოემბრამდე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა, რასაც კანონმდებლებს ”საბიუჯეტო კოდექსი” და პარლამენტი რეგლამენტი ავალდებულებს, არ მოხდება.

როგორც ამასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განმარტა, ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ის ბიუჯეტის პროექტის განხილვის მიზნით ვერ შეიკრიბება. მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ კანონში ხარვეზია, რაც უნდა გამოსწორდეს.

”ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ახალარჩეული პარლამენტი პირველი ტურის შემდეგ ვერ შეიკრიბა და საჭირო გახდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება. ის ნორმები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას ეხება, რეალობასთან შეუსაბამო აღმოჩნდა, ამიტომ ჩვენ პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი გვექნება ცვლილებები ასეთი შემთხვევებისთვის. ერთის მხრივ, მოქმედი პარლამენტი არჩევნების დღიდან არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მას არ შეუძლია პლენარული სხდომა ჩაატაროს იმის გამო, რომ ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელოს. კანონში აღმოჩნდა ხარვეზი და როცა ახალარჩეული პარლამენტი შეიკრიბება, ამ ხარვეზს გამოასწორებს”, - განუცხადა ჟურნალისტებს კახიანმა.

მისივე თქმით, ახალარჩეული პარლამენტი შეკრებისთანავე, საქმიანობას 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვით დაიწყებს.