ქვემოთ და ქვემოთ, ზედა ქალაქისკენ უფრო დიდი, შავი მარმარილოს სახლები იდგა და უფრო სქელი, უფრო ჭრელი ნოხები გადმოეკიდათ აივნებზე, უკეთEსადაც ეცვათ, ეს – უკვე ზედა კამორა იყო, და აქაური კამორელები თვალებანთებულნი კი არა, თავაზიან-მოეშმაკო ღიმილით ხვდებოდნენ მწკრივს, მერე კი დომენიკოს ზურგზე ჩაფიქრებულ მზერას აწებებდნენ და ყვრიმალები ებერებოდათ. ზედა ქალაქელთ – მოსირმულ შარვალ-ხალათიანებს, იმ სიცხეში ძვირფასი ბეწვის ქუდი ეხურათ, თავაზიანად ესალმებოდნენ ერთურთს – “დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი...” ძალიან მაღალ, მარმარილოს გრძელ კედელს მიუყვებოდნენ, ზედამხედველმა ნავოლემ ცხვირში იყვირა: - ნდღეგრძელი იყოს ნდიდი მარნშალი ედმონდო ბეტანკურიი... – და ხელი როგორც დაიქნია, მწკრივმაც იფეთქა: “გრანდისსიმოო-ბრავო!!!”
(გურამ დოჩანაშვილი, “სამოსელი პირველი”)
როგორც კი მიშამ სამნახევარი კილომეტრი გაცურა, თავი ვერ შევიკავე და ვიყვირე: “გრანდისსიმოო-ბის!!!” როგორც მოგეხსენებათ, “ბის” გამეორებას ნიშნავს და მზად ვიყავი “ბის” იმდენჯერ მეყვირა, რამდენსაც უდრის ბათუმიდან ვარნამდე მანძილი სამნახევარზე რომ გავყოთ. და ვარნამდე რომ ჩაცურავდა, ჭიქას ავწევდი და დავილოცებოდი: “უკან აღარ მოეხედოს”.
სამნახევარ კილომეტრს იმიტომ ვამბობ, რომ ჩემმა მეგობარმა სააგენტომ სწორედ ასე მითხრა – სამნახევარი კილომეტრი გაცურაო, ხოლო სააგენტოს, ალბათ, მანანა მანჯგალაძემ უთხრა – სამნახევარიო. არავითარი საფუძველი არ გამაჩნია იმისათვის, რომ არ ვენდო მანანა მანჯგალაძეს, რომელიც ჯერ “რუსთავი 2”-ზე, შემდეგ კი “იმედზე” მუშაობისას, ყოველთვის დროულად გვაწვდიდა ამომწურავ და ობიექტურ ინფორმაციას.
ქ-ნ მანჯგალაძეს ცალ ხელში წამმზომი ეკავა და ცალი თვალით სპიდომეტრს აკვირდებოდა. მეორე თვალი პრეზიდენტისთვის მიეპყრო, მეორე ხელი კი... ეს უკვე არ არის ჩვენი საქმე. მართლა და მართლა, ადამიანს ხელებში ხომ არ დავუწყებთ ყურებას! მაგათგან უკვე აღარ მიკვირს, ესენი სულ ხელებში რომ შემოგვცქერიან, მაგრამ თვალებში რომ გვიყურებენ, ამას, სიმართლე გითხრათ, ვერაფრით მივეჩვიე.
“წელს ზემოთ შიშველი სააკაშვილი პუტინს გამოწვევას უგზავნის” - “ლე ფიგარომ” ასეთი სათაური მიუძღვნა საუკუნის გადაცურვას. დეპეშა გამახსენდა, ოსტაპ ბენდერმა ალექსანდრ კორეიკოს რომ გაუგზავნა - “სახეშეშლილი გრაფინია ტბორისაკენ გარბის”. ეს მე იმ მომენტში გამახსენდა, თორემ მიშა იმ სერიის სულ ერთსა და იმავე დეპეშას იმეორებს: “პარადს მე ვუხელმძღვანელებ”, “პარადს მე ვუხელმძღვანელებ”, “პარადს მე ვუხელმძღვანელებ”...
“წყალი არის სუპერ! ასეთი წყალია ხმელთაშუა ზღვაში ივნისის ბოლოს”, - აღნიშნა პრეზიდენტმა და, ძალაუნებურად, უნდა დავუჯეროთ, რადგან ხმელთაშუა ზღვაზე საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ ორი-სამი პროცენტი თუ იქნება ნამყოფი და ეს ის ორი-სამი პროცენტია, აგვისტოს ომში დამარცხება გამარჯვებად რომ შემოგვასაღა (სცადეს).
წყალი იყო “სუპერ”, ჰაერის ტემპერატურა იყო “ქუულ”, ხოლო ტენიანობა იყო “საღოლ”! სკოლიდან მახსოვს, რომ ზომა-წონის ეტალონები ინახება პარიზის მახლობლად, ქალაქ სევრში. ტემპერატურისა და ტენიანობის ეტალონებს მიშა საკუთარ აიპოდში ინახავს, დროდადრო ჩასცქერის და ბათუნის მონაცემებს ადარებს. როგორც იმ დღეს...
“იმათ გასაგებად, ვინც ამბობს, რომ ბათუმი ძალიან ტენიანია - ახლა ვნახე მსოფლიოს კუროტებზე არსებული ტემპერატურა და ტენიანობის მაჩვენებელი. ბათუმში ტემპერატურა 29 გრადუსია, ტენიანობა - 42 გრადუსი. ბოდრუმში ტემპერატურა 22 გრადუსი, ხოლო ტენიანობა - 68 გრადუსია; ნიცაში ტემპერატურა 6 გრადუსია, ტენიანობა კი - 53 გრადუსი” - პუტინის გასაგონად ეუბნებოდა ჟურნალისტებს პრეზიდენტი. რძალო შენ გეუბნები, მულო შენ გაიგონეო...
ჰო, მაგრამ ტენიანობა გრადუსებით რომ არ იზომება?!…ანუ - “რომელია აქ ჩიტი – კალია თუ კიტრი?” ვერაფერს გეტყვით, არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ბათუმის ჰაერში ალკოჰოლის შემცველობაზე საუბრობდა, ჩვენ კი ვერ გავუგეთ. არადა, გაგება მართლაც მთავარია.
ყოველ შემთხვევაში, როგორც ვატყობ, აჭარის კლიმატის დადებით თავისებურებებს მიშა საკუთარ დამსახურებად თვლის, ვერა ქობალიას კი თითს უქნევს - საკუთარ მიღწევებზე მეტისმეტი წარმოდგენა ნუ გეექნებაო. პრივატიზებას გულისხმობდა. რა ქნას მალენკაია ვერამ, რა წყალში ჩავარდეს?! მაგ გოგოს, მგონი, საკუთარ მიღწევებზე კი არა, პრივატიზებაზეც კი არ აქვს წარმოდგენა და არც იმ პურის ბიზნესზე, რომელმაც ონტარიოს ტბიდან პირდაპირ კუს ტბაში გაადენინა ტყაპანი.
თუმცა, გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა მაინც თბილისობა იყო. უფრო სწორად ის, რასაც “თბილისობას” უწოდებენ. ეს იყო 31-ე თბილისობა და მხოლოდ პირველზე ვარ ნამყოფი. იყო მწვადების ღმურძვლა და ღვინის ხვრეპა. პარტიულ-სამეურნეო მუშაკები დროს ატარებდნენ. ბევრი არაფერი შეცვლილა – პარტიულ-სამეურნეო მუშაკები დღესაც დროს ატარებენ და მიზანს აღწევენ კიდეც – დრო გადის.
“თბილისობის დღესასწაულზე, უცხოელ სტუმრებთან ერთად, ტივით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გიორგი ბარამიძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა ახვლედიანიც სეირნობენ. როდესაც სანაპიროზე გიორგი ბარამიძე მოვიდა, ძველი თბილისის წესის თანახმად, ყველას მიესალმა “კამპანიას გაუმარჯოსო” და ტივით მტკვარში შეცურდა. როგორც უცხოელი სტუმრები აცხადებენ, თბილისობის ტრადიცია ძალიან ლამაზია ქალაქისთვის და მსგავსი დღესასწაული ქალაქებისა და ქვეყნებისათვის დიდი ტურისტული შემოსავლის მომტანი იქნება”.
ასეთი ნიუსი იყო და მგონი შევცდი – დრო არ გადის.
“...შემდეგ, ღონისძიებები მტკვარზე გადაინაცვლებს, სადაც მსურველთათვის ტივი იმოძრავებს....” - როგორ მოგწონთ? მსურველთათვის... ვისაც გსურთ და სხვა... უბრალოდ, მთავარია მონდომება. უნდა მოინდომო, ისწავლო, წერო... თუ მწერალი არ გამოხვალ, წერას მაინც ისწავლი და მერე აღარც წერა დაგჭირდება – ხელმოწერაც იკმარებს.
“სანაპიროზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და თბილისში სტუმრად მყოფ 46 ქალაქის ვიცე-მერს თბილისის მერია მასპინძლობს.
სტუმრებისთვის იმართება კონცერტი და ხალხური რეწვის გამოფენა. უცხოელი სტუმრების გაკვირვება მტკვარზე ტივით გასეირნებამ გამოიწვია. მათი ემოცია “ქსოვრელების” სიმღერებმა, თბილისელმა ყარაჩოღელებმა და არღანმა გამოიწვია. ტივზე უცხოელებმა მწვადი და ფიალებით ქართული ღვინო დააგემოვნეს. სტუმრების თქმით, თბილისობის დღესასწაულმა მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინადა ისინი თბილისს მომავალშიც ეწვევიან”.
იფ-იფ, რა კარგია!!! და სწორედ ამ დროს ფონიჭალაში, უსინათლოთა დასახლებაში შენობა ჩამოინგრა. დამშვიდდით, ბატონებო, სანერვიულო არაფერია – მთავრობა არ ჩამოშლილა, მხოლოდ შენობა ჩამოინგრა და ისიც – უსინათლოთა დასახლებაში.
ყველა შენობა ერთდროულად რომ ჩამოინგრეს არც მთავრობა ჩამოიშლება და არც პრეზიდენტს მოეშლება ნერვები. გასულ კვირაში რომელიღაც ამერიკულმა კომპანიამ გამოკითხვა ჩაატარა, გამოიკითხა 1200 ადამიანი და ამ 1200-მა ადამიანისგან პირველად გავიგე, რომ
ჩვენ გვიყვარს ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი; ჩვენ გვიყვარს მთავრობა; ჩვენ გვიყვარს ავთანდილ დემეტრაშვილი; ჩვენ გვიყვარს გიორგი თარგამაძე.
ერთადერთი, რაც ვერ გავიგე არის ის, თუ რომელ ერთეულებში იზომება ეს სიყვარული. ალბათ, გრადუსებში. გამოკითხვის ორგანიზატორებს გამორჩათ და ურიგო არ იქნებოდა გამოკითხულებისთვის დაესვათ ორი შეკითხვა - “გიყვართ თუ არა თქვენი ქვეყანა?” ამ შეკითხვას ფრჩხილებში ექნებოდა მინაწერი - “ოღონდ, გულზე ხელი დაიდეთ და ისე გვიპასუხეთ.
გამოკითხვის შედეგებმა ყველა აღაშფოთა, გარდა იმ დაჯგუფებისა, რომელსაც “ოთხი შტატივი და ერთი ჩითის კაბა” ეწოდება. აღშფოთების გამოხატვაში ვერავინ დაასწრო ნინო ბურჯანაძეს, ხოლო დადანაშაულებაში – გიორგი გუგავას. მისი ინფორმაციით, შალვა ნათელაშვილს მხარს უჭერს არა 22 პროცენტი, არამედ - მთელი საქართველო.
ჰმ... კიდევ ერთხელ ამომშალეს მთელი საქართველოდან…
სხვათა შორის, “მანჩესტერ იუნაიტედის” დირექტორატი უეინ რუნის შემცვლელს ეძებდა და რუნის ბოლო მომენტში რომ არ გადაეფიქრებინა “მანიუს” დატოვება, მის ადგილზე შალვა ნათელაშვილს უპირებდნენ დაყენებას. საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნით, რასაკვირველია.
ძალიან მაგარი ნიუსი: “მთელ საქართველოში დავფრინავ, ოღონდ არ დავფრინავ, ზოგადად, პოლიტიკურად, დავფრინავ ფიზიკურად, ფეხები მყარად მიდგას ჩვენს მიწაზე, – ასეთი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. მისივე თქმით, საქართველოში მიწის დამუშავება თანდათან დაიწყო და ეს თვითმფრინავიდან კარგად ჩანს. “დღეს დაუმუშავებული მიწის 80% დამუშავებულია. როდესაც უცხოეთში დავფრინავდი, პირველი, რაც თვალში მეცემოდა, დამუშავებული მიწის ნაკვეთები იყო” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა”.
ანუ, როდესაც ფიზიკურად დაფრინავს, ფეხებით მაინც მიწაზე დგას. მიშამდე ეს მხოლოდ შალიკო ხვინგიაძეს შეეძლო და როგორც ვხვდები, ასეთი ფრენების სიმაღლე და სიჩქარე არა მეტრებში და კილომეტრსაათებში, არამედ გრადუსებში იზომება და, საერთოდ, მალე წნევასაც გრადუსებში გაზომავენ. წნევა კი მალე ყველას აუწევს.
როდესაც უცხოეთში დავფრინავდიო... რა, აღარ დაფრინავს? პირველი, რაც თვალში მეცემოდა, დამუშავებული მიწის ნაკვეთები იყოო. რა, პლაჟზე არასოდეს გადაუფრენია?
გაგიკვირდებათ, მაგრამ მიშას გულწრფელობაში ნელ-ნელა უკვე ეჭვი მეპარება.
“საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილს “ქრისტიან-დემოკრატების” გულწრფელობაში ეჭვი ეპარება. ხათუნა გოგორიშვილი და ლევან ვეფხვაძე ერთმანეთს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, საინიციატივო ჯგუფისთვის კანონპროექტის ინიცირებაზე უარის თქმის საკითხზე მსჯელობისას დაუპირისპირდნენ” - ეს ინფორმაცია 18 ოქტომბერს გავრცელდა და ახლავე აგიხსნით, რა იგულისხმება ამ დაპირისპირებაში – მაგიდასთან პირისპირ ისხდნენ. ეგ იყო და ეგ, თორემ სხვა მხრივ გასაყოფი არაფერი აქვთ, მათ შორის არც გამოკითხულთა ხმები.
ისე, არა მგონია, რომ ხათუნა გოგორიშვილის ეჭვიანობა ძალიან აწუხებდეს გიორგი თარგამაძეს. გიორგი თარგამაძისთვის ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც მის გულწრფელობაში ეჭვი შეაქვთ. ასე იყო ბათუმში ასლან აბაშიძესთან და ასე იყო ავლაბარში ბადრი პატარკაციშვილთან.
ზუსტად გუშინ ფეხბურთს ვუცქერდი, კომენტატორები იყვნენ ბიძინა ბარათაშვილი და ვიღაც. თამაშობდნენ “ფიორენტინა” და “ბარი”. რომელიღაც ფეხბურთელზე ჩამოვარდა საუბარი – ეს აქ იქიდან გადმოვიდა თუ აქედანო და ამ დროს ბარათაშვილმა თქვა: “აი, გიორგი თარგამაძე მიდასტურებს, რომ “ატლეტიკოდან” არის გადმოსული”.
დიდი ხანია მაწუხებს ერთი კითხვა და აქამდე არ ვიცოდი, ვისთვის უნდა დამესვა. ახლა უკვე ვიცი, ვის უნდა მივმართო და გიორგი თარგამაძეს ვეკითხები: “არის თუ არა მარსზე სიცოცხლე და თუ არის, რომელ ერთეულებში იზომება - გრადუსებში, ვოლტებში თუ ამპერებში?”
ლილოს ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტი ნამდვილად გრადუსებში გაიზომა და აწი სულ ასე იქნება – ტემპერატურა სულ აიწევს და აიწევს. მოვაჭრეებშიც, დევნილებშიც...
“საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს ეხმაურებიან სამინისტროდან. როგორც “ინტერპრესნიუსს” სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა გულუამ განუცხადა, აღნიშნული პარტიების მიერ დაყენებული მოთხოვნები არარეალური და არაობიექტურია” - გულუას ამ სიტყვების შემდეგ ბევრს სახეზე სისხლი მოაწვა და სუბელიანის პრეს-მდივანს ისეთი სიტყვები შეუთვალა, რომ ამ უკანასკნელმა ფერი დაკარგა. არა უშავს, მიეჩვევა.
უკვე დიდი ხანია გვაჩვევენ ხუთიანებს და იმდენი მოახერხეს, რომ არჩევნებში სულ ორიანებს ვიღებთ. ხუთიანის თემამ გასულ კვირაშიც გაიჟღერა. ხუთ თვეში ბათუმში “ანბანის კოშკი” უნდა აშენდეს. 130-მეტრიანი მონუმენტი ბათუმის ბულვარში აშენდება, კოშკში განთავსდება სატელევიზიო სტუდიები, კაფეები და რესტორნები. ასევე, იქნება ერთი საიდუმლო ოთახი, საიდანაც მზეთუნახავი ჩამოუშვებს თმებს, რომლებზეც აცოცდება პრეზიდენტი. აცოცდება გია თორთლაძის დახმარებით. კოშკი იქნება 130 მეტრი სიმაღლის და გადახრილი იქნება რამდენიმე გრადუსით. მერე, მიშა დაჯდება რესტორანში, ერთი ფეხს სარფში დადგამს, მეორე ფეხს – მახინჯაურში და ავთანდილ დემეტრაშვილს და 1200 გამოკითხულის 87 პროცენტს ზემოდან ჩამოსძახებს: “მე ვარ ანიც და ჰოეც. მოსულა?”
და დემეტრაშვილი იტყვის: “დიახ, ეს სრულ შესაბამისობაში მოდის კონსტიტუციასთან”.
წავედი და გემშვიდობებით ერთი კვირით, ანუ სულ რაღაც შვიდიოდე გრადუსით.
ე.მ.რ.ყ. (ეს მიშა რა ყოფილა) - ნდიდად შებერნტყილი გახლავთ, ნგრანდჰალლე...
- ძალიან კარგი... – თქვა პოლკოვნიკმა და ახლა კაპრალს უწყალობა: - თითები შეუხსენით.
- სახიფათოა, დღეგრძელი იყოს მარშალი ბეტანკური.
- შეუხსენით-მეთქი, მაღალბედნიერი ყოფილიყოს დამშვიდების ნავთსაყუდარი.
(გურამ დოჩანაშვილი, “სამოსელი პირველი”)