თამარ ტალიაშვილის ინიციატივით თბილისის საკრებულოში ბაგა-ბაღების სააგენტოს ანგარიშის მოსმენა გაიმართა

თამარ ტალიაშვილის ინიციატივით თბილისის საკრებულოში ბაგა-ბაღების სააგენტოს ანგარიშის მოსმენა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2016 წლის მესამე კვარტალში შესრულებული სამუშაოების და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ანგარიში, რომლის მოსმენა განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის მოთხოვნის საფუძველზე შედგა, კომისიის წევრებს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის ხელმძღვანელმა წარმოუდგინა.

თემურ თორდინავამ ყურადღება 2016-2017 სასწავლო სააღმზრდელო წლის რეგისტრაციაზე გაამახვილა და ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში არსებულ 166 საბავშვო ბაგა-ბაღში 2016-2017 სასწავლო -სააღმზრდელო წელს 58 240 - ზე მეტი აღსაზრდელია დარეგისტრირებული, ხოლო 2016 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, კი ბაღებში 1500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. მისივე თქმით 2016 წლის იანვრიდან თბილისის 166 საბავშვო ბაგა-ბაღს ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეც. პედაგოგის შტატი დაემატა.

წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 2016 წელს გაიხსნა 7 ახალი ბაგა-ბაღი, დაიწყო 4 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა, გარემონტდა 8 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ფასადი, 10 საბავშვო ბაღში ეზო დეკორატიულად მოეწყო, ხოლო 16 საბავშვო ბაღის ძველი ღობე ახლით შეიცვალა. ამასთან, მოხდა 2 ავარიულ საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის გამაგრება/გაძლიერება, ხოლო 81-ს კი შიდა სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. დამატებითი ჯგუფების გახსნის მიზნით, გარემონტდა 13 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ბაგა-ბაღებში არსებული პირობების გაუმჯობესებისა და ამასთან, სკოლამდელი აღზრდის პროცესის სრულყოფის მიზნით, ყოველდღიური მონიტორინგის განხორციელება და ასევე ახალი ამოცანების დასახვაა აუცილებელი. „გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის თანახმად, 2015 წელს თბილისში მუნიციპალური ბაღებით მოსახლეობის კმაყოფილების მაჩვენებელი 2012 წ-თან შედარებით გაზრდილია და 82%-ს შეადგენს, თუმცა, 2016 წლის 3 კვარტლის განმავლობაში, ბაგა-ბაღებში განხორციელებული მთელი რიგი ღონისძიებების და რეფორმების შედეგად, ვგულისხმობ ინფრასტრუქტურულ, მეთოდოლოგიურ და სხვა პროექტებს, მჯერა, რომ დღეს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს. დღევანდელ სხდომაზე ჩავიბარეთ ანგარიში სააგენტოს ხელმძღვანელისგან, შევაჯამეთ გამოწვევები, შესრულებები. არის გარკვეული შენიშვნებიც. ამდენად, ის საკითხები, რომელებიც ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მოსაგვარებელია, 2017 წლის ბიუჯეტში შესაბამისად აისახება’’,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

დღესვე სხდომაზე თემურ თორდინავამ 2017-2018 წლებში დაგეგმილი 13 ახალი ბაღის მშენებლობის შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მათი მშენებლობისთვის შესაბამისი ადგილები უკვე მოძიებულია და საკითხი პროექტირების ფაზაშია შესული.