ნაძალადევის რაიონში 4 ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში 4 ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში ოთხ ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. ინანიშვილის, იმერეთის, დაისის ქუჩებსა და ღრმაღელეს I შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, ბიუჯეტიდან 527 281 ლარი გამოყო. ოთხივე ქუჩის საერთო ფართობი 9 455 კვ.მ.-ია.

რეაბილიტირებული ქუჩები ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით გოგიძემ მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ნაძალადევში ბევრია ისეთი ქუჩა, სადაც 40-50 წელია ასფალტის საფარი არ დაგებულა. სწორედ ასეთ ქუჩებს ვაკეთებთ კაპიტალურად. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,“ - განაცხადა დავით გოგიძემ.

იმერეთის ქუჩაზე და ღრმაღელეს I შესახვევში გზის საფარის რეაბილიტაციამდე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა. დაისის ქუჩასა და დაისის I და II შესახვევში კი წყალსადენის ქსელის ამორტიზებული მონაკვეთები შეკეთდა. რაც შეეხება ინანიშვილის ქუჩას, საგზაო სამუშაოების დაწყებამდე 83 მ სიგრძის გზის დამჭერი საყრდენი კედელი აშენდა, რომლის ღირებულებამაც 303 988 ლარი შეადგინა. კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარი.