ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე - განმუხურის 38-ე, ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნები განმეორებითი კენჭისყრისთვის მზად არის

ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე - განმუხურის 38-ე, ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნები განმეორებითი კენჭისყრისთვის მზად არის

ზუგდიდში განმეორებითი კენჭისყრისთვის სამივე საარჩევნო უბანი მზად არის. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას 67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა განაცხადა, როგორც განმუხურის 38-ე, ისე ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნები შესაბამისი ინვენტარით უკვე აღჭურვილია.

„სამივე უბანზე ჯამში არის 2400-ზე მეტი ამომრჩეველი. კანდიდატების რაოდენობა როგორც მაჟორიტარულში, ისე გამგებლის შუალედურ არჩევნებში უცვლელია, რაც შეეხება პირველი ტურის შედეგების ცვლილებას, თეორიულად შესაძლებელია, რომ განმეორებითმა კენჭისყრამ ამ შედეგებზე გავლენა იქონიოს და მეორე ტური საჭირო აღარ გახდეს. თუმცა, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებთ და ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტივობაზე“, - განაცხადა მირანდა მესხმა.

8 ოქტომბერს, ჯიხაშკარში ორივე საარჩევნო უბანზე არჩევნების ღამეს უბნის დარბევა მოხდა და ამის გამო არჩევნები ჩაიშალა. განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე კი უბნის თავმჯდომარემ ხმების დათვლის დროს უბანი დატოვა, შემდეგ დაბრუნდა და ხმები დაითვალეს, თუმცა საბოლოოდ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული უბნის შედეგები ბათილად ცნო. სწორედ ამ გარემოებების გამო გახდა საჭირო ორივე სოფელში განმეორებითი არჩევნების ჩატარება.