მიუღებელია სამეგრელოში ”ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ წარმოებული კამპანია

მიუღებელია სამეგრელოში ”ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ წარმოებული კამპანია

ჩემთვის მიუღებელია, ”ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შიშით ”ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ წარმოებული კამპანია სამეგრელოში, - ამის შესახებ დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომელიც პარტია ”თავისუფალი დემოკრატებიდან” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.

ჩიქოვანი უარყოფს ინფორმაციას მისი და მისი შტაბის წევრების მხრიდან ”ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის შესახებ და ამ თემაზე სპეციალური განცხადებას ავრცელებს.

”პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ზუგდიდსა და სამეგრელოს მხარდაჭერისათვის, რომელმაც ნათლად დამანახა, რომ ადამიანები მონდომებას პატივისცემითა და სითბოთი პასუხობენ. მადლობა იმ ათასობით ადამიანს, რომელმაც მხარი დამიჭირა, მიუხედავად იმისა, რომ არ წარმოვადგენდი არც მმართველ პარტიას და არც ”ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც სამეგრელოს საკუთარ პლაცდარმად მიიჩნევს.

ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, ჩემი და ჩემი შტაბის წევრების მხრიდან ”ნაციონალური მოძრაობის“ თითქოს და, მხარდაჭერის შესახებ, რაზეც მინდა განვმარტო: 2009 წელს საჯარო სამსახურიდან ჩემი პოლიტიკაში მოსვლა განპირობებული იყო ჩემი განზრახვით, დავპირისპირებოდი ”ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას და განსაკუთრებით, იმ ვითარებას, რაც შექმნილი იყო სამეგრელოში. 2012 წელს კი ჩემთან ერთად, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი ღიად თუ უპირისპირდებოდა მათ ამ რეგიონში. ყოველივე ზემოაღნიშნული გამორიცხავს ჩემს მხარდაჭრას ამ პარტიის მიმართ.

ჩემთვის მიუღებელია ”ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შიშით ”ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ წარმოებული კამპანია სამეგრელოში. იმედი მაქვს, რომ არ განმეორდება არც კორცხელი, არც ჯიხაშკარი და არჩევნების მეორე ტური აჩვენებს, რომ სამეგრელო არ არის არც ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ძალადობისა და პოლიტიკური მანიპულირების საგანი”, - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.