"მოსამართლეები ყველაფერს გააკეთებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო წარსულში არ დაბრუნდეს"

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი, დარწმუნებულია, რომ კენჭისყრა შედეგბა და საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დასახელდება.

"ჩემი პოზიცია ყველასთვის ცნობილია. წარვადგინე კანდიდატი ირინე იმერლიშვილი. წინასწარ არაფრის თქმა შემიძლია. რა მოხდება, კენჭისყრები აჩვენებს. ჩემი პოზიცია არის მყარი და დარწმუნებული ვარ მის სისწორეში.

პროცედურას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა წარმომადგენელმა ნათლად განმარტა, როგორ მოხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს წარსულში დაბრუნება არ მოხდეს", - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა.

ახალი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით ინიშნება.

აღნიშნული კანდიდატურებიდან, ირინე იმერლიშვილის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს ის ხუთი წლით უხელმძღვანელებს, ხოლო თუ პლენუმის მინიმუმ ხუთი წევრი ზაზა თავაძის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 3 წლითა და 7 თვით დაინიშნება, რადგან ზაზა თავაძის უფლებამოსილების 10 წლიანი ვადის ათვლა 2010 წლის 15 ივნისს დაიწყო.