"კონსტიტუცია ცუდ მდგომარეობაშია და მისი შეცვლა საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე ვერ მოხერხდება"

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, აცხადებს, რომ აკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, პანიკური შიში იმისა, რომ მოპოვებული გამარჯვება ტრიუმფალურად არ გადაიქცეს.

მინდია უგრეხელიძის თქმით, "საკონსტიტუციო უმრავლესობის მიმართ ფობიის შექმნა ხელოვნური საშუალებებით ხდება".

"ეს არის ძალიან სერიოზული გაფართხალება, რომ საზოგადოება დაირაზმოს და საკონსტიტუციო უმრავლესობა თავიდან იქნას აცილებული. არ მგონია, რომ ეს ბუნებრივი პროცესი იყოს, რადგან ამომრჩეველმა არჩევანი შინაგანი რწმენის შესაბამისად უნდა გააკეთოს და ამას მოწოდებები არ სჭირდება. ამ ამბავს ღიმილით უნდა შევხედოთ, მაგრამ თუ მაინცდამაინც რაღაც ზომები უნდა იქნას მიღებული, მაშინ მეტი მობილიზაცია უნდა მოხდეს იმ ძალებისა, რომლებიც მერყევ, ან უბირ ადამიანებს დაიცავს იმ ძალების გავლენისაგან, რომლებსაც საბოლოო და კატასტროფული მარცხი ელოდებათ", - განუცხადა უგრეხელიძემ 2030-ს.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მის ცვლილებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება.

"საქართველოს კონსტიტუცია ვაგლახ მდგომარეობაშია. უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ან რომელიმე ქვეყნის კონსტიტუცია მე არ მახსენდება. რა თქმა უნდა, მისი ცვლილება აუცილებელია, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე ვერ მოხერხდება", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ.

როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო უმრავლესობა ბუნებრივი მოვლენაა.

"საკითხის ასე დასმა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია, ძალიან დიდი გულუბრყვილობაა. ეს რომ ცუდი იყოს, რომელიმე ქვეყანაში მაინც აიკრძალებოდა. პოლიტიკური ბრძოლა ნიშნავს, შეიქმნა კომფორტული ვითარება საიმისოდ, რომ საზოგადოების კეთილდღეობის შესახებ შენი შეხედულებები უკეთ გაატარო. სავსებით ბუნებრივი პროცესია, როცა ცდილობ, ხელ-ფეხი რაც შეიძლება მეტად გაგეხსნას, რათა ეს გააკეთო", - განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.