"ძალიან მალე შეიქმნება ისეთი სამთავრობო გუნდი, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობას უზრუნველყოფს"

"ქართული ოცნების" წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, კონსტიტუციის გადასინჯვისთვის კომისია პარლამენტმა უნდა შექმნას, რადგან პრეზიდენტის ფუნქციებში საკანონმდებლო ინიციატივა გაწერილი არ არის.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ბევრი წინადადებების ფონზე უნდა არსებობდეს ჯგუფი, რომელიც საწინააღმდეგო აზრებს შეაჯერებს და საზოგადოების წინაშე სამსჯელოდ გამოტანს.

"პრეზიდენტს შეუძლია, საკონსულტაციო ჯგუფი შექმნას, მაგრამ ყველამ ერთ მთავარ თემაზე უნდა იფიქროს. ესაა სახელმწიფოს ინტერესები, საზოგადოების ვნებათაღელვის დაწყნარება და რეალურ სტრუქტურაზე საუბარი, რომელიც კონსტიტუციაზე იმუშავებს. მთავარია, ბევრი წინადადებების ფონზე არსებობდეს ჯგუფი, რომელიც საწინააღმდეგო აზრებს შეაჯერებს და საზოგადოების წინაშე სამსჯელოდ გამოტანს. კომისიის შექმნის და მისი თავმჯდომარის ფუნქციის არსი სწორედ ამაში მდგომარეობს", - განუცხადა ვოლსკიმ 2030-ს.

მისი თქმით, კანონი პარლამენტს საზოგადოებაში გასვლას და შესაბამისი შეხვედრების ჩატარებას ავალდებულებს.

"საჭიროა, კომისიის მიერ მიღებული შეხედულებები საზოგადოებასთან იქნას გაზიარებული. თუმცა, აუცილებელი არ არის,  კონსენსუსი ყველა თემაზე შედგეს. როცა მაგალითად, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩამოყალიბდება, სანამ ის კენჭისყრაზე გავა, მანამდე ხალხში უნდა გაიტანო. ასე მოხდა ქორწინების საკითხთან დაკავშირებით, როცა ეს თემა კენჭისყრამდე საზოგადოებაში გავიდა, მოხდა მისი ფართო განხილვა და საბოლოოდ, საკმაოდ ნათელი სურათი ჩამოყალიბდა", - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა.

როგორც მან აღნიშნა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაძლო გადაადგილებებთან დაკავშირებით, პრემიერს უახლოეს პერიოდში წინადადებები ექნება.

"არ მინდა, საკადრო გადაადგილებებზე საუბრით და არარსებული პრობლემებით, ძირითადი თემების გადაფარვა მოხდეს, მაგრამ შემიძლია დაგპირდეთ, რომ ძალიან მალე შეიქმნება ისეთი სამთავრობო გუნდი, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობას უზრუნველყოფს.  ვფიქრობ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაძლო გადაადგილებებთან დაკავშირებით, პრემიერს უახლოეს პერიოდში წინადადებები ექნება. ყველაფერს საფუძვლად სანდო წყარო უდევს და ასეთი ერთადერთი სანდო წყარო გიორგი კვირიკაშვილია, როგორც პრემიერი, ლიდერი და ადამიანი, რომელმაც იცის, ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება როდის უნდა გააკეთოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.