თორნიკე შარაშენიძე:   არ მეშინია რუსეთთან ისეთი დაახლოება გველოდებოდეს, რომ მათ ჩაგვყლაპონ

თორნიკე შარაშენიძე: არ მეშინია რუსეთთან ისეთი დაახლოება გველოდებოდეს, რომ მათ ჩაგვყლაპონ

რუსეთისთვის ”ქართული ოცნება” მაინც უფრო მისაღებია, ვიდრე ”ნაციონალური მოძრაობა”, ამიტომ მაინც უფრო გაუხარდათ ”ქართული ოცნების” გამარჯვება, ვიდრე ”ნაციონალური მოძრაობის”, -ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ PalitraNews-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

კითხვაზე, რას უნდა ნიშნავდეს რუსეთის სურვილი საქართველოსთან დიალოგის გაგრძელების შესახებ, შარაშენიძემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ არაფერს.

”ისინი ელოდებოდნენ არჩევნების შედეგებს. განსხვავებით რუსეთისგან, ჩვენთან ალბათ ბოლომდე გარკვეული არ იყო 100%-ით ვინ მოგებდა, იქ როგორც ყოველთვის 100%-ით გასაგებია, რომ იგებს პუტინის პარტია.

ერთმა რუსმა დეპუტატმა რაღაც შორს მიმავალი დასკვნები გააკეთა, რომ ქართველმა ერმა არჩევანი გააკეთა და მას უნდა რუსეთთან, ეს რა თქმა უნდა სისულელეა.

მე მგონი არაფერი მოხდება. დიალოგი ვერ გაცდება იმ ჩარჩოებს, რომელიც აქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს, რადგანაც ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მათთან უსაფრთხოების თემებზე. გამორიცხულია დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. რაც შეიძლება გავაკეთოთ, ისევ და ისევ არის მეტი რუსი ტურისტი მოვიზიდოთ და მეტი ფული მივიღოთ მათგან. პრაგმატულად უნდა მივუდეგთ, მეტი არაფერი”, -განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, ის ვერც იმაში ხედვას პრობლემას, თუ რუსული ფულიც შემოვა, თუ რა თქმა უნდა ისინი არ დაეპატრონებიან მაგალითად რკინიგზას.

”მე არ მეშინია მართალი გითხრათ არც მათი პროპაგადის, რადგან ჩვენი ახალგაზრდა თაობა ელემენტარულად რუსულად ვერ საუბრობს და ვერაფერს ვერ იგებს მათ ლაპარაკს. მეორე, რუსულიც რომ იცოდე, არსებობს ინტერნეტი და იქიდან გაიგებ სიმართლეს.

მათი პროპაგანდა მაინც და მაინც საშიში არ არის. საშიში არის უფრო მათი სპეცსამსახურების შეღწევა ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და შეიძლება მთავრობაშიც. ამიტომაც, არ მეშინია ისეთი დაახლოება გველოდება, რომ მათ ჩაგვყლაპონ”, - განაცხადა შარაშენიძემ.

რუსეთსა და საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორივე მხარე დაინტერესებულია დიალოგის გაგრძელებით. შესაბამის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.