10-დღიანი ვადა მაქვს და დღეს ნუ მომაფიქრებინებთ, მოადგილე ტურავა იქნება თუ ვინმე სხვა

10-დღიანი ვადა მაქვს და დღეს ნუ მომაფიქრებინებთ, მოადგილე ტურავა იქნება თუ ვინმე სხვა

ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში მოსამართლეთა მთლიანი კორპუსი თანხმდება, რომ ვაპირებთ საზოგადოებასთან გადაწყვეტილებებით საუბარს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ განუცხადა. ზაზა თავაძემ კომენტარი გააკეთა ასევე მისი მოადგილეების, იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი და მეორე კოლეგიების თავმჯდომარეების ვინაობის შესახებაც, თუმცა არც დაადასტურა და არც უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მის მოადგილეებად მოიაზრებიან მერაბ ტურავა და ლალი ფაფიაშვილი.

„კოლეგიების დაკომპლექტებას რაც შეეხება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადა, შესაბამისად, ჩემს მიერ მოხდება კოლეგიების გადახალისება, რასაც კანონი მოითხოვს. კანდიდატებს წარვადგენ პლენუმის წინაშე და პლენუმი ხმათა უმრავლესობით აირჩევს კოლეგიების თავმჯდომარეებს. 10-დღიანი ვადა მაქვს და დღეს ნუ მომაფიქრებინებთ, მოადგილე ტურავა იქნება თუ ვინმე სხვა“, - აღნიშნა ზაზა თავაძემ.

ზაზა თავაძე დღეს პლენუმის რვა წევრმა ხმათა უმრავლესობით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია. მან თავმჯდომარეობის უფლებამოსილება 3 წლითა და 7 თვით ჩაიბარა მანამდე, ვიდრე 2020 წლის 15 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის 10-წლიანი ვადა არ ამოეწურება.