"ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რუსეთი და საქართველო დაინტერესებულია დიალოგის გაგრძელებით"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთსა და საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორივე მხარე დაინტერესებულია დიალოგის გაგრძელებით.

უწყების ინფორმაცით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ რუსეთსა და საქართველოში ბოლო დროს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორივე მხარე დაინტერესებულია, გააგრძელოს რუსულ-ქართული კავშირების კონკრეტულ საკითხებში დიალოგი იმ სფეროებში, სადაც პროგრესი შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში - ვაჭრობა, ტრანსპორტი, კულტურულ-ჰუმანიტარული სფერო.

"2016 წლის სამი კვარტლის შედეგად, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის ზრდამ 17% შეადგინა. რუსეთი კვლავ რჩება რიგით მეორე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად საქართველოსთვის და მისი ღვინის პროდუქციის რეალიზაციის მთავარ ბაზრად - მიმდინარე წელს რუსეთში ქართული ღვინის მიწოდება 36%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ნოემბერში თბილისში დაგეგმილი რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით ხელს შუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას. მხარეებმა აღნიშნეს რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო და საავტომობილო გადაზიდვების ზრდის გაგრძელება. მგზავრთა ნაკადის ორმხრივმა ბრუნვამ მიმდინარე წელს 400 ათასს ადამიანს გადააჭარბა. ამ ფონზე წარმატებით ვითარდება ორი ქვეყნის სატრანპოსრტო ხელისუფლებების პრაქტიკული ურთიერთობა", - ნათქვამია განცხადებაში.