რუსეთის საგარეო უწყება:  4 წლის განმავლობაში ორმხრივი ნორმალიზაციის შედეგები ოპტიმისტურია

რუსეთის საგარეო უწყება: 4 წლის განმავლობაში ორმხრივი ნორმალიზაციის შედეგები ოპტიმისტურია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებთ განცხადებას ავრცელებს.

რუსული მხარე აღნიშნავს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ორმხრივი ნორმალიზაციის შედეგები ოპტიმისტურია.

ამასთან, განცხადებაში საუბარია იმ თემებზე, რომელზეც გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ შეხვედრაზე ისაუბრეს.

უწყების ინფორმაცით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ რუსეთსა და საქართველოში ბოლო დროს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორივე მხარე დაინტერესებულია, გააგრძელოს რუსულ-ქართული კავშირების კონკრეტულ საკითხებში დიალოგი იმ სფეროებში, სადაც პროგრესი შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში - ვაჭრობა, ტრანსპორტი, კულტურულ-ჰუმანიტარული სფერო.

"2016 წლის სამი კვარტლის შედეგად, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის ზრდამ 17% შეადგინა. რუსეთი კვლავ რჩება რიგით მეორე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად საქართველოსთვის და მისი ღვინის პროდუქციის რეალიზაციის მთავარ ბაზრად - მიმდინარე წელს რუსეთში ქართული ღვინის მიწოდება 36%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ნოემბერში თბილისში დაგეგმილი რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით ხელს შუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას. მხარეებმა აღნიშნეს რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო და საავტომობილო გადაზიდვების ზრდის გაგრძელება. მგზავრთა ნაკადის ორმხრივმა ბრუნვამ მიმდინარე წელს 400 ათასს ადამიანს გადააჭარბა. ამ ფონზე წარმატებით ვითარდება ორი ქვეყნის სატრანპოსრტო ხელისუფლებების პრაქტიკული ურთიერთობა", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მუშაობა გაგრძელდება.

"რუსეთის მთავრობაში განიხილება ქართული ავიახაზების საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი. საქართველოში რუსეთის ვიზებზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალი რჩება. ამავე დროს, ეს ქვეყანა მიმდინარე წელს რუსეთიდან ტურისტების რეკორდულ რაოდენობას მიიღებს, 1 მილიონზე მეტ ადამიანს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პრაღაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გააგრძელონ ორმხრივი ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზების პრაგმატული კურსი.