„ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრაზე უკრაინის კრიზისზე იმსჯელეს

„ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრაზე უკრაინის კრიზისზე იმსჯელეს

ბერლინში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი უკრაინის ლიდერ პეტრო პოროშენკოს შეხვდნენ და უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ისაუბრეს. სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა კანცლერის უწყებაში გაიმართა. შეხვედრას წინ მერკელისა და პოროშენკოს პირისპირ საუბარი უძღოდა.

სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ კომენტარი პეტრო პოროშენკომ გააკეთა და განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმების ზედმიწევნით შესასრულებლად უკრაინა ნოემბრის თვეში სამოქმედო გეგმას მიიღებს. სამი ლიდერის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც შეუერთდა, რომელმაც განაცხადა, რომ 2015 წლის თებერვლის თვეში მიღებული მინსკის შეთანხმება, უკრაინის კრიზისის დარეგულირების ერთადერთი გზაა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა მინსკის შეთანხმების სამოქმედო გეგმამდე მიყვანაა. ეს გეგმა მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა მოთხოვნას უნდა პასუხობდეს,“ - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ვლადიმერ პუტინის თქმით კი, „შეხვედრის ყველა მონაწილე მხარე თანხმდება, რომ უკრაინის კონფლიქტი მინსკის შეთანხმების საფუძველზე უნდა მოგვარდეს“.

„გარდა ამისა შეთანხმების შესასრულებლად მზადყოფნა ყველამ დავადასტურეთ. რუსეთი ასევე მზადაა ეუთოს მისიის გაფართოებისთვის“, - აღნიშნა პუტინმა.