ჩვენ გრძელვადიან პროცესში ვუყურებთ საკუთარ პასუხისმგებლობას

ჩვენ გრძელვადიან პროცესში ვუყურებთ საკუთარ პასუხისმგებლობას

ხელისუფლების მაკონტროლებელი არის საზოგადოება და ამომრჩეველი. ხელისუფლება, რომელიც არ უგდებს ყურს ხალხს, სამოქალაქო საზოგადოებას, არ აქვს თვითკონტროლის მექანიზმები და არც გარეკონტროლს აქცევს ყურადღებას, ის მარცხდება. თუ ასეთ პოლიტიკურ ძალას არ ჰყოფნის კეთილგონიერება, რომ ეს გაიაზროს, დაამთავრებს ისე, როგორც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამთავრა, - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოთქმულ ეჭვებს „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის მცდელობაზე.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსაზრებები მტკნარი სიცრუეა. ეკა ბესელიას აზრით, 2012 წელს საზოგადოებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი უთხრა იმის გამო, რომ მაშინდელი რეჟიმის წარმომადგენლები საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებდნენ.

„სამოქალაქო საზოგადოების აზრს ჩვენ ანგარიშს ვუწევთ. ვიზიარებთ იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების აზრსაც, რომლებიც ყველაზე კრიტიკულად არიან განწყობილი. ჩვენ რომ ხალხისთვის ანგარიში არ გაგვეწია, ჩვენ სამ არჩევნებში ვერ გავიმარჯვებდით. ჩვენ მოვიგეთ საპრეზიდენტო, თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნები - სამი არჩევნები პირველი ოქტომბრის შემდეგ. ყველა შემდეგი წლები არჩევნებია. მომდევნო წელს თვითმმართველობის არჩევნებია, შემდეგ წელს კი საპრეზიდენტო არჩევნები და ჩვენ გრძელვადიან პროცესში ვუყურებთ საკუთარ პასუხისმგებლობას", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.