ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის გაგრძელებას ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოვახერხებთ

ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის გაგრძელებას ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოვახერხებთ

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის გაგრძელებას ახალი პარლამენტის შემადგენლობით მოვახერხებთ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტის კორექტირებაც ახალი მთავრობის მიერ უნდა მოხდეს.

კობახიძის ინფორმაციით, მოქმედი პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ბიუჯეტის პროექტს 15 ნოემბრამდე სავარაუდოდ, არ განიხილავს. ამის გაკეთებას კი მას “საბიუჯეტო კოდექსი“ და პარლამენტის რეგლამენტი ავალდებულებს.

“გადახედვა ასეთ ნორმებასაც სჭირდება. თუ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური აქამდე არ ტარდებოდა, დღეს უკვე ასეთი მოცემულობა გვაქვს. ოქტომბერი არის არჩევნების თვე, არჩევნები საბიუჯეტო პროცესს ემთხვევა და შეიძლება აქაც გახდეს გარკვეული ცვლილებები. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი რაც დამოკიდებულია ცენტრლურ საარჩევნო კომისიაზე, მოესწრება და მაქსიმალური ვადები არ იქნება გამოყენებული, იგივე შემაჯამებელი ოქმისთვის. რაც უფრო სწაფად დასრულდება პროცედურები, მით უფრო მალე გვექნება შეკრების შესაძლებლობა”, - აღნიშნა ”ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მანანა კობახიძემ.

პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის კომიტეტებში განხილვის ეტაპი დასრულდა. პროექტი არა უგვიანეს 22 ოქტომბრამდე მთავრობას უკან დაუბრუნდება, კომიტეტების სხდომებზე გამოთქმული შენიშვნებითა და წინადადებებით.

თავის მხრივ, მთავრობამ პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს არა უგვიანეს 5 ნოემბრისა უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ ბიუჯეტის განხილვის პროცესი, “საბიუჯეტო კოდექსითა“ და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში გრძელდება, სადაც პროექტს პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე წევრი წარადგენს.

პლენარული სხდომის ფორმატში გამოთქმული შენიშვნებითა და წინადადებებით პროექტი მთავრობას კიდევ ერთხელ - არა უგვიანეს 15 ნოემბრისა უკან დაუბრუნდება, ხოლო მთავრობა ფინანსურ დოკუმენტს პარლამენტში არა უგვიანეს 30 ნოემბრისა შეიტანს.

ბიუჯეტის დამტკიცების ბოლო ვადა პარლამენტს დეკემბრის ბოლო პარასკევამდე აქვს.