ერთ-ერთი საკონსტიტუციო ნორმა, რომელიც დახვეწას საჭიროებს, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაა

ერთ-ერთი საკონსტიტუციო ნორმა, რომელიც დახვეწას საჭიროებს, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაა

ქვეყანამ არ უნდა იცხოვროს მიხეილ სააკაშვილის თავზე მორგებული კონსტიტუციით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძისთვის უცნობია, რა ფორმატში შეიძლება წარიმართოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა და როგორც აცხადებს, ამასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ ნაადრევია.

”ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ კონსტიტუცია ნამდვილად ხარვეზიანია. მასში 2004 წლიდან არაერთი ცვლილება შევიდა. ყოფილმა ხელისუფლებამ კონსტიტუცია პირდაპირ მოირგო თავის თავზე და შემდგომ იმდენად გაზარდა კვორუმი, რომ შესაძლებლობაც არ იყო, რაიმე ცვლილებებზე გვეფიქრა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გვქონდა პოლიტიკური ნება ემუშავა სახელმწიფო საკონსტიტუტიცო კომისიას, გარკეული შედეგები დაედო მას და ცვლილების პროექტი პარლამენტისთვის წარედგინა, კომისია იმთავითვე განწირული იყო, რადგან თავად კომისიის წევრებისათვის იყო დემოტივატორი ის, რომ პარლამენტი ამ ცვლილებებს ვერადროს მიიღებდა. ”ნაციონალური მოძრაობა” იყო დესტრუქციის რეჟიმში, ისინი არ თანამშრომლობდნენ და არანაირი ტიპის ცვლილების გაგება არ სურდათ”, - განაცხადა კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პერიოდში კონსტიტუცია იმდაგვარად დამახინჯდა, რომ ამის იქით დამახინჯება, შეუძლებელია.

კობახიძის თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებები ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ბალანსის, ურთიერთკონტროლის და ურთიერთგაწონასწორების პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს და მოხდეს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელთან დაახლოება.

”სწორედ დღეს მოქმედებს ისეთი ნორმები, რომელიც ქმნის საფრთხეებს და ამის გამოსწორების შანსი ეძლევა ”ქართულ ოცნებას”. ეს არ არის შესაძლებლობა, რომელიც ხელისუფლებას ყოველთვის შეიძლება ქონდეს - ეს არის სწორედ საზოგადოების გადაწყვეტილება და მისი დიდი მხარდაჭერის შედეგი, რაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ და დავინახოთ, როგორც შანსი. კონსტიტუცია თავად აწესებს, თუ როგორ უნდა მოხდეს კონსტიტუციის გადასინჯვა. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო, სახალხო განხილვები, რათა ცვლილებები არ იყოს ერთი პოლიტიკური ძალის ნების გამომხატველი და იყოს საზოგადოებასთან ფართო კონსესუსის შედეგი. იქნება საკონსტიტუციო კომისიის ფორმატი თუ იქნება სახალხო განხილვები, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ამაზე შევთანხმდებით. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი აუცილებლად უნდა გადაწყდეს საზოგადოებასთან თანხმობის საფუძველზე და არამც და არამც ხელის გადაგრეხვით”, - განაცხადა კობახიძემ.

ერთ-ერთი საკონსტიტუციო ნორმა, რომელიც კობახიძის აზრით, ცვლილებების შეტანასა და დახვეწას საჭიროებს, მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურებია.