საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხე იმ ძალის ხელშია, რომლის კურსია - ნულოვანი ტოლერანტობა და ”ხელი არ აგიკანკალდეთ, ისე ესროლეთ”

საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხე იმ ძალის ხელშია, რომლის კურსია - ნულოვანი ტოლერანტობა და ”ხელი არ აგიკანკალდეთ, ისე ესროლეთ”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს “სპეკულაციას” უწოდებს.

კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხე ისეთი პოლიტიკური ძალის შემთხვევაშია, რომლის გაცხადებული პოლიტიკური კურსი ნულოვანი ტოლერანტობაა.

ამასთან, კობახიძის აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში თავისუფალია მედია და განვითარებული და აქტიურია სამოქალაქო საზოგადოება, გამორიცხულია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც საზოგადოებისთვის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ ”ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის საწინააღმდეგო განცხადებები, არჩევნების მეორე ტურების წინ, ”ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის ნაწილია.

დეპუტატი იმასაც ეჭვობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადება ”ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დაიწერა”.

”აჟიოტაჟი, ვნებათაღელვა ხელოვნურად არის შექმნილი ”ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რაც არჩევნების მეორე ტურის მიზნებს ემსახურება. მათ საარჩევნო კამპანიისთვის გარკვეული თემების წამოწევა სჭირდებათ. თემა იმის შესახებ, რომ პარლამენტში ”ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა საფრთხეს წარმოადგენს, ხელოვნურად არის აგორებული, რათა ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ და რაღაც შიშების შექმნით დააბნიონ. სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დღეს რაღაც მოწოდებებით გამოდის, არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია, როცა ”ნაციონალური მოძრაობა“ იყო საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში, ასეთი შემადგენლობით მართავდა ქვეყანას და არაერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა. მათ კონსტიტუცია პირდაპირ მოიგეს საკუთარ თავზე, მაგრამ ასეთი მოწოდებები არ გვახსოვს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ისეთი პოლიტიკური ძალის ხელშია, რომლის გაცხადებული კურსია ნულოვანი ტოლერანტობა, ”მეტი დაკავებული - მეტი პრემია”, ”ხელი არ აგიკანკალდეთ, ისე ესროლეთ”, გვამების პირდაპირი შეკვეთა და სპეცოპერაციების დროს ადამიანების სოცოცხლის ხელყოფა. ზოგადად, ასეთი პოლიტიკური ძალის ხელში ხელისუფლების თავმოყრა არის საფრთხე, მითუფრო ისეთი უმრავლესობით, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმ პოლიტიკური ძალის ხელში, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საკუთარ პრიორიტეტად ადამიანის უფლებების დაცვას, სიცოცხლის უფლებას აცხადებს და ყველაფერს აკეთებს ამ უფლებების რეალიზებისათვის, მისთვის საკონსტიტიცოიო უმრავლესობა არის რეფორმების გატარებისა და კონსტიტუციაში ხარვეზიანი ნორმების შეცვლის შესაძლებლობა”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.