კობა ნარჩემაშვილის შეფასებით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა „უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება“ იქნება

კობა ნარჩემაშვილის შეფასებით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა „უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება“ იქნება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა არ იგეგმება.

როგორც ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, არავინ ხელისუფლებაში ხისტად ამ საკითხს არ აყენებს და რაც მთავარია, პრემიერიც აცხადებს, რომ ეს არ არის ხელისუფლების მთავარი ამოცანა.

კობა ნარჩემაშვილის თქმით, პარლამენტის დაბრუნება თბილისში იქნება უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება.

„მე მხარს არ ვუჭერ ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანას, შესაძლებელია, თავის დროზე გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მისი გადატანა არ იყო დაკავშირებული ქუთაისის, როგორც პოლიტიკური ცენტრის განვითარებასთან, მაგრამ ასევე უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იქნება, როდესაც იქ უკვე არის გარკვეული ინფრასტრუქტურა, გარკვეული ტრადიცია შექმნილი, პარლამენტის უკან გადმოტანა, ამის გაკეთებას არც არავინ აპირებს“, - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

მისივე თქმით, მისთვისაც და ქუთაისელებისთვისაც მნიშვნელოვანია ქუთაისში დარჩეს პარლამენტი.

„ქუთაისში პარლამენტის გადატანამ გააჩინა ეკონომიკური აქტივობები, ზოგი დასაქმდა პარლამენტში, ზოგმა ბინა გააქირავა, ეს თავად ქუთაისისთვისაც არის პრესტიჟი, როდესაც შენს ქალაქშია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც შეგიძლია შენი პრობლემები დააფიქსირო“, - განაცხადა ნარჩემაშვილმა.