გიორგი კანდელაკი მხარდამჭერებს მოუწოდებს, დაარწმუნონ ახლობლები რომ ”ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირონ მხარი

გიორგი კანდელაკი მხარდამჭერებს მოუწოდებს, დაარწმუნონ ახლობლები რომ ”ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირონ მხარი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კანდელაკი მხარდამჭერებს მოუწოდებს, დაარწმუნონ ახლობლები მოვიდნენ არჩევნების მეორე ტურში და ”ნაციონალური მოძრაობას“ დაუჭირონ მხარი.

როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, პარტია კამპანია +1-ის ფარგლებში, ყველა საკუთარ მხარდამჭერს მოუწოდებს მხარდაჭერისკენ, რათა არ მოხდეს „ქართული ოცნების“ გამარჯვება და პარლამენტში მათი წარმოდგენა საკონსტიტუციო უმრავლესობით.

გიორგი კანდელაკმა დღეს პრესკონფერენციაზე არჩევნების პირველი ტურის დროს მომხდარ დარღვევებზე ისაუბრა და რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა, კერძოდ, ბათუმისა და განმუხურის.

„ხელისუფლებამ, ცესკოსთან და სასამართლოსთან ერთად, პირველი ტურის შედეგები ყველა იმ უბანზე გააუქმა, სადაც ჩვენმა კანდიდატებმა ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. კერძოდ, ბათუმში და განმუხურში. ჩვენ ვიცით, რომ განმუხურში ერთ-ერთი უბნიდან კომისიის თავმჯდომარე გაიქცა, მიუხედავად ამისა, ამ უბანზე არჩევნები მშვიდობიან ვითარებაში დასრულდა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა გამარჯვება. თუმცა, ცესკო-მ ამ უბნის მონაცემები გააუქმა. ნაცვლად ამისა, განმუხურში, სადაც შემაჯამებელ ოქმს არ ჰქონდა არც ერთი ხელმოწერა, ძალაში დატოვა ამ უბნის შედეგები, რადგანაც ამ უბანზე გამარჯვება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მოიპოვა. დარღვევები იყო ასევე მესტიაში, სადაც ზუსტად 20:00 საათზე, არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჩაქრა შუქი და ჩვენი ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ დაუკავშირდა „ენერგო-პროს“ თანამშრომლებს. წესით, ეს გამოსაძიებელი არის, თუ რატომ მოხდა ელექტროენერგიის გამორთვა და რატომ ჰქონდა „ენერგო-პროს“ ყველა თანამშრომელს გამორთული ტელეფონი, თუმცა ამის გამოძიება არ ხდება. საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ მესტიაში უმეტეს უბნებში, ხმათა უმრავლესობა მოიპოვა სწორედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა. ჩვენ კამპანიის +1-ის ფარგლებში, მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს წამოიყვანონ საკუთარი ნათესავები და ახლობლები არჩევნებზე, ის პირები, ვისაც ხმა არ მიუცია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, და დაარწმუნონ ისინი, რომ მხარი სწორედ ჩვენს პარტიას დაუჭირონ, რათა არ მივიღოთ ქვეყანაში საკონსტიტუციო უმრავლესობა და ლარის კიდევ უფრო გაუფასურება“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.